12.10.2021
"ზესტაფონი" ქულებს ისევ კარგავს
2021 წლის 12 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მიმდინარე სეზონის მორიგი შეხვედრა გამართა - გრიგოლ ნიკოლეიშვილის სახელობის ვანის სტადიონზე გამართულ საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "ზედა ჯგუფის" მეორე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ადგილობრივ "სულორს" ესტუმრნენ.
ამ ბოლო შეხვედრებში ზესტაფონელებს საგოლე მომენტების რეალიზებასთან დაკავშირებული პრობლემა დასჩემდათ და ამან, ვანის სტადიონზე არსებული საფარის სავალალო მდგომარეობასთან ერთად, გუნდის ზედიზედ მეორე შეხვედრის შედეგზე უშუალო ზეგავლენა მოახდინა...
ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, "ზესტაფონის" რიგებში ტრავმების გამო წამყვანი ფეხბურთელების მთელი ჯგუფის (საღარეიშვილი, სირაძე, კაკუშაძე, გოგობერიშვილი) არყოფნა, მატჩის დებიუტშივე გაშვებული გოლი (ბექა სულაბერიძე, მე-18 წუთი) და თავიდანვე მდევრის როლში აღმოჩენა დაემატა...
"ირაოსთან" გამართული რამდენიმე დღის წინანდელი მატჩის მსგავსად, მარგველები დღესაც ბევრს უტევდნენ და ერთმანეთის მიყოლებით მომენტებსაც ანიავებდნენ - ანგარიშის გათანაბრების შანსები ვანო წილოსანმა, პაატა ჭანტურია, გიგა ამბროლაძემ, დავით მოსიძემ, გიორგი ხუჯაძემ და ნოდარ გაჩეჩილაძემ გაუშვეს...
საბოლოოდ, მთლიანად შეტევაში გადართულ სტუმრებს მატჩის მიწურულს მასპინძელთა სწრაფი კონტრიერიში გაეპარათ და 87-ე წუთზე ამირან როხვაძემ დღევანდელი დაპირისპირების საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2-0.
ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" მესამე ტურის მატჩს "ზესტაფონი" 17 ოქტომბერს გამართავს - ჩვენი გუნდი თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს უმასპინძლებს. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 14:30 საათზე დაიწყება...
|
12.10.2021. ”სულორი” (ვანი) - ”ზესტაფონი” 2-0 |
"ზესტაფონი": ასათიანი, გრიგალაშვილი, გელაშვილი (გოგუაძე, 71), ნიკოლაძე, ხუჯაძე, მოსიძე, გაჩეჩილაძე, გოგიჩაიშვილი, ჭანტურია, ამბროლაძე, წილოსანი.
დაწვრილებით:
|
|