02.10.2021
ჩემპიონატის მეორე ეტაპის სტარტზე
როგორც მოგეხსენებათ, ორიოდე დღის წინ დასრულდა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის პირველი ეტაპი. საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა", რომელიც ლიგა-4-ს „თეთრ ჯგუფში“ ასპარეზობდა, ჩემპიონატის პირველი ეტაპი 18 შეხვედრაში მოპოვებული 41 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე დაასრულა.
როგორც იცით, სეზონის დაწყების წინ ეროვნული ლიგა-4-ს მონაწილე 20 გუნდი ბრმა წილისყრით გადანაწილდა ორ ჯგუფში პირობითი სახელებით „თეთრი“ და „წითელი“. აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენელი 8 გუნდი ბრმა წილისყრით გადანაწილდა „თეთრ“ და „წითელ“ ჯგუფში, წილისყრის მეორე ეტაპზე დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელმა 12 გუნდმა, ასევე ბრმა წილისყრის პრინციპით 10-მდე შეავსო „თეთრი“ და „წითელი“ ჯგუფები.
პირველ ეტაპზე გუნდებმა ითამაშებეს ორ წრედ (18 მატჩი), რის შედეგადაც გამოვლინდა „წითელი“ და „თეთრი“ ჯგუფების საუკეთესო ხუთეულები, რომლებიც ჩემპიონატის მეორე ეტაპზე შეადგენენ 10-გუნდიან ჯგუფს პირობითი სახელით „ზედა ჯგუფი“, ხოლო „წითელი“ და „თეთრი“ ჯგუფის მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 ადგილზე გასული გუნდები შეადგენენ 10-გუნდიან ჯგუფს პირობითი სახელით „ქვედა ჯგუფი“.
გათამაშების მეორე ეტაპზე „ზედა“ და „ქვედა“ ჯგუფებში მოხვედრილ გუნდებს გადაყვებათ მხოლოდ იმ გუნდებთან შეხვედრებში მოპოვებული ქულები, რომლებიც გათამაშების ორივე ეტაპზე ერთ ჯგუფს წარმოადგენდნენ. გათამაშების მეორე ეტაპი „ზედა“ და „ქვედა“ ჯგუფში გაიმართება ორ წრედ (10 მატჩი) - გუნდები დაუპირისპირდებიან მხოლოდ იმ გუნდებს, რომლებიც გათამაშების პირველ ეტაპზე არ იყვნენ მათი თანაჯგუფელები.
„ზედა ჯგუფში“ 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-4 ადგილებზე გასული გუნდები ავტომატურად მოიპოვებენ ეროვნული ლიგა 3-ის საგზურს. „ქვედა ჯგუფის“ მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 ადგილზე გასულები გუნდები დატოვებენ ლიგა 4-ს და გადაინაცვლებენ რეგიონულ ლიგაში. ლიგა 4-ის 2021 წლის გათამაშების მეორე ეტაპის კალენდრის სრულ ვერსიას სფფ-ს საშეჯიბრო განყოფილება ოდნავ მოგვიანებით შემოგვთავაზებს...
მანამდე კი უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე სეზონის გადამწყვეტი, მეორე ეტაპის სასტარტო მატჩს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" 7 ოქტომბერს გამართავს. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ შეხვედრაში ზემოიმერელთა მეტოქე „წითელ ჯგუფში“ მეორე ადგილზე გასული თბილისის საფეხბურთო კლუბი "ირაო" იქნება. იმერულ-დედაქალაქური ეს დაპირისპირება 15:00 საათზე დაიწყება. პირველ გასვლით შეხვედრას კი ზესტაფონელები 12 ოქტომბერს ვანში ადგილობრივ "სულორთან" ჩაატარებენ...
ჩვენი დღევანდელი პუბლიკაციის ბოლოს კი ჩვენს ერთგულ მკითხველს საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს „თეთრი ჯგუფის“ საბოლოო და "ზედა ჯგუფის" სადღეისო სატურნირო ცხრილებს გთავაზობთ:
|