30.09.2021
პირველი ეტაპის დასკვნითი შეხვედრა
2021 წლის 30 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" „თეთრი ჯგუფის“ დასკვნითი, მეთვრამეტე ტურის შეხვედრაში ხელვაჩაურის საფეხბურთო კლუბ "მაჭახელას" უმასპინძლა.
პირველი ეტაპის დასკვნით შეხვედრას მეტოქეთათვის არანაირი სატურნირო დატვირთვა არ გააჩნდა, თუმცა გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი აჭარელთა სტუმრობას მთელი სერიოზულობით მოეკიდნენ და მორიგი ძალიან სანახაობრივი შეხვედრა ჩაატარეს...
საინტერესოა, რომ ზემოიმერელთა სასტარტო შემადგენლობაში პირველად იასპარეზა ჩვენი კლუბის თბილისის აკადემიის 17 წლის აღსაზრდელმა ზაზა წამალაშვილმა, რომელმაც ხელვაჩაურელებთან დაპირისპირებაში მოედანზე 90-ვე წუთი დაჰყო და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა...
ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა - ზესტაფონელთა კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ მშვენიერი სოლო-რეიდი განახორციელა და ის ზუსტი დარტყმითაც დააგვირგვინა. 43-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაიზარდა - სტუმართა კართან გათამაშებული სტანდარტი გოლად იმერელთა მცველმა ბაკურ ნიკოლაძემ აქცია...
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე (46-ე წუთი) მარგველთა უპირატესობა სამამდე პაატა ჭანტურიას მახვილგონივრული დარტყმულის შემდეგ გაიზარდა, 57-ეზე თავი დავით მოსიძემ გამოიჩინა, 74-ე წუთზე კი თავის მორიგი გოლი მიმდინარე ჩემპიონატში ჩვენი გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა გიგა ამბროლაძემ გაიტანა...
აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მეხუთე გოლის გატანის ეპიზოდში ზუსტი დარტყმის ავტორს ასისტენტობა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის აკადემიის კიდევ ერთმა, 16 წლის აღსაზრდელმა და იმერელთა ძირითად გუნდში სადებიუტო შეხვედრის ჩამტარებელმა საბა დავითულიანმა გაიფორმა.
მართალია, დარჩენილ დროში ხელვაჩაურელმა ფეხბურთელებმა პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს (84-ე წუთზე თავი რამაზ კვესეიშვილმა გამოიჩინა), თუმცა მასპინძელთათვის ამას დღევანდელი დაპირისპირების დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიყვანაში ხელი აღარ შეუშლია - 5-1.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის "ზედა ჯგუფის" პირველი შეხვედრები 6-7 ოქტომბერს გაიმართება...
|
30.09.2021. ”ზესტაფონი” - ”მაჭახელა” (ხელვაჩაური) 5-1 |
"ზესტაფონი": აბრამიშვილი, სირაძე (დავითულიანი, 54), ნიკოლაძე, მოსიძე, გრიგალაშვილი (ჩხიკვაძე, 46), გაჩეჩილაძე (სამხარაძე, 46), ჭანტურია (ამბროლაძე, 58), გოგუაძე, კაკუშაძე (გოგობერიშვილი, 46), წამალაშვილი, წილოსანი.
დაწვრილებით:
|
|