25.09.2021
უმნიშვნელოვანესი გამარჯვება „მცხეთა-პარკზე“
2021 წლის 25 სექტემბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” სეზონის პირველი ეტაპის ბოლოსწინა შეხვედრა გამართა - "მცხეთა-პარკზე" გამართულ საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები თბილისის საფეხბურთო კლუბ "ვიტ-ჯორჯიის" მეორე გუნდს ესტუმრნენ.
ეროვნული ლიგა-4-ს წლევანდელი ტურნირის მეორე ეტაპზე „ზედა ათეულში“ მოსახვედრად გაჩაღებული ბრძოლა გადამწყვეტ ეტაპზე შევიდა. თბილისელთა გუნდს პირველ ხუთეულში ყოფნა ფაქტობრივად გარანტირებული აქვთ, ამდენად დღევანდელ დაპირისპირებას ორივე გუნდისთვის უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა.
მეტოქეებმა თამაში ფრთილად, ერთმანეთის დაზვერვით დაიწყეს. თუმცა, ტაიმის შუაწელისაკენ სტუმართა სათამაშო უპირატესობა გამოიკვეთა და ისინი ზედიზედ ორ ეპიზოდში ძალიან ახლოს იყვნენ ანგარიშის გახსნასთან - ვიტელთა საჯარიმოში მყოფი ნოდარ გაჩეჩილაძის დარტყმა ვეტერინართა გოლკიპერმა გიორგი ანდრიაძემ სასწაულებრივ მოიგერია, ხოლო გიგა ამბროლაძის ხუთიოდე მეტრიდან ნახევარბრუნში დარტყმული არაზუსტი გამოდგა. ტაიმიც ნულოვანი ფრით დასრულდა...
მეორე ნახევარში „მცხეთა-პარკზე“ პირველ ტაიმთან შედარებით უფრო ღია და სანახაობრივი ბურთაობა გაჩაღდა. ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ ზესტაფონელები, რომლებიც მასპინძელთა კარს გეგმაზომიერად უტევდნენ და რამდენიმე ეპიზოდში გოლის გატანასთან ახლოს იყვნენ კიდეც.
თავის მხრივ, შანსი მასპინძლებსაც მიეცათ, თუმცა ამ ეპიზოდში მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა იმერელთა კიპერი დავით ასათიანი, რომლის თამაშში ჩართვის შემდეგ ბურთი ჯერ ზემოიმერელთა კარის ძელს მოხვდა, შემდეგ კი ისევ ახალგაზრდა გოლკიპერს მიუვიდა...
მატჩის ბედი დღევანდელი დაპირისპირების მიწურულს, კერძოდ 84-ე წუთზე გადაწყდა - მარგველთა ხანგრძლივი შეტევა თბილისელთა საჯარიმოს მისადგომებიდან სტუმართა გუნდის კაპიტნის ნოდარ გაჩეჩილაძის „ცხრიანში“ უძლიერესი დარტყმით დასრულდა და გიორგი ანდრიაძე ამჯერად უძლური გახლდათ...
საბოლოოდ, დღევანდელი მატჩი ზესტაფონელთა უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა და ეროვნული ლიგა 4-ის პირველი ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე უკვე ცნობილია, რომ სეზონის გადამწყვეტ, მეორე ეტაპს ჩვენი გუნდი 24 შესაძლებლიდან მოპოვებული 17 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ან მესამე პოზიციაზე დაიწყებს. როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის საფეხბურთო სეზონში ეროვნულ ლიგა-3-ში წლევანდელი ტურნირის საუკეთესო ოთხეული იასპარეზებს...
|
25.09.2021. ”ვიტ-ჯორჯია-2” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 0-1 |
"ზესტაფონი": ასათიანი, გელაშვილი, ნიკოლაძე, ხუჯაძე, მოსიძე (სირაძე, 70), გაჩეჩილაძე, გოგიჩაიშვილი, კაკუშაძე (ჭანტურია, 70), გრიგალაშვილი, ამბროლაძე (გოგუაძე, 82), წილოსანი.
დაწვრილებით:
|
ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" დასკვნითი, მეთვრამეტე ტურის მატჩს "ზესტაფონი" 30 სექტემბერს გამართავს - ზემოიმერლები ხელვაჩაურის "მაჭახელას" უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15:30 საათზე დაიწყება...
|