Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

19.09.2021

 

 

 

 

 

 

 

 

საშინაო კედლებში მოპოვებული მორიგი 3 ქულა

 

 

 

 

 

2021 წლის 19 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" „თეთრი ჯგუფის“ ერთ-ერთ აუტსაიდერ ჩხოროწყუს საფეხბურთო კლუბ "სამეგრელოს" უმასპინძლა.

 

საზაფხულო პაუზის შემდეგ გამართული ზესტაფონელთა პირველი საშინაო შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისით ბევრს არაფერს წყვეტდა, თუმცა, ამის მიუხედავად, გუნდებმა ის უშეღავათო ბრძოლაში გალიეს და ზესტაფონის მთავარი საფეხბურთო არენის მწვანე მინდორზე სანახაობრივი,  მრავალგოლიანი მოქმედება გათამაშდა...

 

მიმდინარე ჩემპიონატის დებულების თანახმად, სეზონის მეორე ეტაპზე ზემოიმერლები და ჩხოროწყუელები სხვადასხვა ათეულებში იასპარეზებენ და ამდენად ერთმანეთისათვის „საფრთხეს“ აღარ წარმოადგენენ. ორივე გუნდმა თამაში ექსპერიმენტალური შემადგენლობით დაიწყო, თუმცა ამას მატჩის სანახაობრივ მხარესა და მინდორზე შექმნილ დაძაბულ ფონზე სულაც არ უმოქმედია უარყოფითად...

 

შეხვედრა დაზვერვის გარეშე, ორივე გუნდის მიერ შესრულებული სწრაფი იერიშებით დაიწყო. თავიდან გოლის გატანასთან ახლოს მასპინძლები იყვნენ, შემდეგ კი სტუმრებიც გააქტიურდნენ და 25-ე წუთზე  ხვიჩა ბუკიას სახიფათო დარტყმისა და მცირე რიკოშეტის შემდეგ ბურთი მასპინძელთა კარის ბადეში ჩაეშვა. ტაიმიც სწორედ ასე, „სამეგრელოს“ მინიმალური უპირატესობით 1-0  დასრულდა...

 

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ანგარიშში თანაფარდობა ზესტაფონელთა ახალწვეულის, პაატა ჭანტურიას ზუსტი დარტყმის შემდეგ აღდგა.  მართალია, მეორე გოლის გასატანად მასპინძლებს თითქმის ნახევარი საათი დასჭირდათ, თუმცა 74-ე წუთზე ბაკურ ნიკოლაძემ თავის გუნდი წინ მაინც გაიყვანა.

 

ჩხოროწყუელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ისევ გაიბრძოლეს და 79-ე წუთზე სტუმართა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესოს, ფორვარდ გიორგი გვასალიას ზუსტი თავური დარტყმის შემდეგ ანგარიში ისევ საყაიმო გახდა.

 

თავის მხრივ, ამან უკვე ზესტაფონელებზე იმოქმედა „გამაღიზიანებლად“ და დღევადელი მატჩის დასკვნით ათწუთეულში გოლები უკვე მხოლოდ მათ გაჰქონდათ.  83-ე წუთზე თორნიკე გრიგალაშვილის, 87-ეზე ვანო წილოსანის (პენალტით) და 90-ეზე გიგა ამბროლაძის  გოლებმა ზესტაფონელთა დღევანდელ გამარჯვებას საბოლოო სახე მიანიჭეს - 5:2.

 

19.09.2021. ”ზესტაფონი” - ”სამეგრელო” (ჩხოროწყუ) 5-2

"ზესტაფონი": ასათიანი, სირაძე (კაკუშაძე, 64), პირველი (გელაშვილი, 56), ხუჯაძე, ნიკოლაძე, მოსიძე, სამხარაძე (გოგიჩაიშვილი, 46), საღარეიშვილი (ამბროლაძე, 56), გაჩეჩილაძე, ჭანტურია (გრიგალაშვილი, 64), წილოსანი.

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 25 სექტემბერს გამართავს - საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები მცხეთაში თბილისის "ვიტ-ჯორჯიის" მეორე გუნდს ესტუმრებიან…

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021