საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდი საქართველოს XXXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა-4-ის გადამწყვეტი, საშემოდგომო ნაწილის მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ რიცხვებში დაგეგმილი სტარტისთვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს.
მოგახსენებთ, რომ 2021 წლის სეზონის საშემოდგომო ნაწილი ზესტაფონელთათვის 4 სექტემბერს დაიწყება - ამ დღეს იმერლები განმუხურს ეწვევიან და ზუგდიდის "ოდიში-1919"-ს დაუპირისპირდებიან. პირველ საშინაო შეხვედრას ზესტაფონელები 9 სექტემბერს ჩაატარებენ - "დავით აბაშიძეზე" გასამართ მატჩში მათი მეტოქე ჩხოროწყუს "სამეგრელო" იქნება.
14 სექტემბერს "ზესტაფონი" კიდევ ერთ გასვლით შეხვედრას გამართავს - "მცხეთა-პარკზე", ძალიან პრინციპული ხასიათის შეხვედრაში მარგველები თბილისის საფეხბურთო კლუბ "ვიტ-ჯორჯიას" მეორე გუნდს ესტუმრებიან. ჩემპიონატის პირველი ეტაპის 19 სექტემბერს დაგეგმილ დასკვნით მატჩში კი ხელვაჩაურის "მაჭახელას" უმასპინძლებენ.
ამის შემდეგ სტარტს მიმდინარე სეზონის გადამწყვეტი, მეორე ეტაპი აიღებს. ჩვენ უკვე ვწერდით იმის თაობაზე, რომ ჩემპიონატის ამ ეტაპზე ლიგა-4-ს მონაწილე გუნდები ისევ ორ ჯგუფში გადანაწილდებიან - "ა" და "ბ" ჯგუფების 5-5 საუკეთესო კოლექტივი ლიგა-3-ში დაწინაურებისათვის მებრძოლ "ზედა ჯგუფს" ჩამოაყალიბებენ, დანარჩენი 10 გუნდი კი "ქვედა ჯგუფში" ლიგა-4-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს...