Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

05.08.2021

 

 

 

 

 

 

 

 

ამხანაგური მატჩი ფოთის "კოლხეთთან"

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სეზონის განახლებისთვის მზადებას განაგრძობს. 5 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთი, რიგით მესამე ამხანაგური შეხვედრა გამართა - ფოთის სტადიონ "ფაზისზე" გამართულ შეხვედრაში მარგველები ეროვნული ლიგა 3-ის ერთ-ერთ ლიდერს, ადგილობრივ "კოლხეთი-1913"-ს დაუპირისპირდნენ.

 

ზღვისპირელებთან შეხვედრაში "ზესტაფონის" სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: მიქავა, გელაშვილი, ხუჯაძე, ნიკოლაძე, მოსიძე, კაკუშაძე, გოგიჩაიშვილი, საღარეიშვილი, ამბროლაძე, გოგუაძე, წილოსანი. მეორე ნახევარში კი მასპინძელთა რიგებში მოედანზე აბრამიშვილი, გრიგალაშვილი, ჩხიკვაძე, გაჩეჩილაძე, სამხარაძე, გოგობერიშვილი, აბაკელია, მამაცაშვილი, პირველი და წამალაშვილი გამოჩნდნენ.

 

შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში გაილია და გატანილი გოლების გარეშე, 0-0 დასრულდა. უპირატესობის დაუფლებას ხან ერთი მხარე ცდილობდა, ხანაც მეორე, თუმცა აშკარა საგოლე მომენტის შექმნა ვერც მასპინძლებმა შეძლეს და ვერც სტუმრის რანგში მოასპარეზე იმერლებმა.

 

შესვენების შემდეგ თამაშის განახლებისთანავე ანგარიშის გახსნა დავით ჩხიკვაძეს მართებდა - ფლანგიდან თორნიკე გრიგალაშვილის ჩაწოდების შემდეგ ზესტაფონელთა ვეტერანმა ფოთელთა 2 მცველი მოხდენილი მოძრაობით კი ჩამოიშორა, თუმცა კარის ჩარჩოში ბურთის გადაგზავნა ვეღარ მოახერხა...

67-ე წუთზე წინ მასპინძლები გავიდნენ - მათე ქომეთიანის შორეული გასროლა სტუმართა გოლკიპერ გიორგი აბრამიშვილისათვის აუღებელი გამოდგა. სტუმრებმა ანგარიშში წონასწორობა 77-ე წუთზე აღადგინეს - ნოდარ გაჩეჩილაძის მწვავე გადაცემის შემდეგ მოედანზე შეცვლაზე შესულმა კობა გოგობერიშვილმა ყველაფერი ცივსისხლიანად შეასრულა.

 

მატჩის დასკვნითი ნაწილი ორმხრივ იერიშებში წარიმართა, გუნდები ბევრს აქტიურობდნენ, თუმცა გამარჯვების მოპოვებასთან უფრო ახლოს მაინც ზემოიმერლები იყვნენ - დღევანდელ შეხვედრაში ბოლო შეტევისას ფოთელთა გოლკიპერთან პირისპირ ვახო აბაკელია აღმოჩნდა, კარის ჩარჩოშიც დაარტყა, თუმცა ზღვისპირელები მათივე კარის დარაჯმა გადაარჩინა - 1-1.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021