01.08.2021
სპარინგ-მატჩი ქუთაისის "მართვესთან"
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 1 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის წარმომადგენელსა და ერთ-ერთ ლიდერს, ქუთაისის "მართვეს" უმასპინძლეს.
ზემოიმერულმა გუნდმა მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: მიქავა, გელაშვილი, ხუჯაძე, ნიკოლაძე, მოსიძე, კაკუშაძე, გოგიჩაიშვილი, საღარეიშვილი, ამბროლაძე, გოგუაძე, წილოსანი. მეორე ნახევარში კი მასპინძელთა რიგებში მოედანზე აბრამიშვილი, ჩხიკვაძე, გაჩეჩილაძე, სამხარაძე, გოგობერიშვილი, აბაკელია, მამაცაშვილი, პირველი და წამალაშვილი გამოჩნდნენ.
მატჩი საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა მინიმალური უპირატესობით 1-0 დასრულდა (გოლი გიგა ამბროლაძის ანგარიშზეა). შესვენების შემდეგ თამაშის განახლებიდან სულ რამდენიმე წუთში კი ქუთაისელმა მიხეილ გურულმა ანგარიშში თანაფარდობის აღდგენა მოახერხა...
ამის შემდეგ გოლები მხოლოდ მასპინძლებს გაჰქონდათ - ანგარიშის გათანაბრებიდან ზუსტად ერთ წუთში გიგა ამბროლაძემ წინ ისევ საკუთარი გუნდი გაიყვანა, მალევე ვანო წილოსანმა ზესტაფონელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, ნოდარ გაჩეჩილაძემ მარგველთა უპირატესობა 3-ბურთიანი გახადა, მატჩის დასკვნით ნაწილში კი გატანილი გოლებით თავი ჩვენი კლუბის თბილისის ზღვის აკადემიის აღსაზრდელმა, 2004 წელს დაბადებულმა ზაზა წამალაშვილმა და ჩვენი გუნდის კიდევ ერთმა ახალწვეულმა ზაურ გოგუაძემ გამოიჩინეს.
საბოლოოდ, მატჩი მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6-1 დასრულდა...
|