Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

29.06.2021

 

 

 

 

 

 

 

 

ლიდერთა ჯახი "დავით აბაშიძეზე"

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 29 ივნისს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" მეორე გუნდს უმასპინძლა.

 

ეროვნული ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" ლიდერთა მატჩმა, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის დაწყებისთანავე ზესტაფონში კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ფეხბურთის მოყვარულთა და სპეციალისტთა საკმაო ინტერესი გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ იმერულ-დედაქალაქურ დაპირისპირებას დაესწრო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბი, რომელსაც რამაზ სვანაძე ხემძღვანელობს...

 

გუნდებმა შეხვედრა დაზვერვის გარეშე, ორმხრივი იერიშებით დაიწყეს. თავიდან საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა, თუმცა მე-17 წუთზე, იმერელთა მიერ სტუმართა კართან გათამაშებული კუთხურის შემდეგ, დინამოელებმა საკუთარ საჯარიმოში წააქციეს ზესტაფონელი გიორგი ხუჯაძე და მისმა თანაგუნდელმა გიგა ამბროლაძემ 11-მეტრიანი ნიშნულიდან წინ თავის გუნდის გაიყვანა...

 

ანგარიშში დაწინაურების შემდეგ ზესტაფონელები ბურთსაც და ტერიტორიას დაეუფლნენ და ტაიმის ბოლომდე თამაშის მიმდინარეობას მთლიანად აკონტროლებდნენ. ამასობაში, წვიმა კიდევ უფრო გაძლიერდა და შესვენების შემდეგ მოედანზე გამოსულმა მატჩის არბიტრმა გიორგი ავაზაშვილმა მატჩის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ფორს-მაჟორული ვითარების მიუხედავად, სტადიონის ადმინისტრაციამ მატჩის გასაგრძელებლად ყველა ღონე იხმარა (მოედანი ფაქტიურად თავიდან დასახაზი გახდა) და 45-წუთიანი შეყოვნების შემდეგ გუნდები მოედანზე ისევ გამოჩნდნენ.

15 წუთის ნაცვლად 1 საათის მანძილზე დასვენებულმა და მოედანზე დაბრუნებულმა გუნდებმა შეხვედრის მეორე ნახევრის დებიუტში სტადიონზე შეკრებილ პუბლიკას პირველი ტაიმისაგან სრულიად განსხვავებული თამაშის სცენარი შესთავაზეს - ახალგაზრდა დინამოელები გააქტიურდნენ და 55-ე წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილმა ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა.

 

სულ რაღაც 4 წუთში თბილისელებს სულაც დაწინაურების ძალიან კარგი შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა მარგველთა გოლკიპერმა ბაჩო მიქავამ გიორგი მოისწრაფიშვილის მიერ შესრულებული 11-მეტრიანის მოგერიება მოახერხა. ამას უკვე მასპინძელთა მორიგი "აფეთქება" მოყვა და გიგა ამბროლაძის კარგი გადაცემის შემდეგ, ჯუბა ხმელიძის მიერ სტუმართა საჯარიმოში დატრიალებული ფინტების კორიენტელისა და მისივე ახლო მანძილიდან დარტყმის შემდეგ მთელი თავის ოსტატობის დემონსტრირება უკვე დინამოელთა მეკარე ლუკა ხარშილაძეს მოუხდა.

 

მატჩის დასკვნითი ნაწილი უშეღავათო ბრძოლაში კი გაილია, თუმცა "დავით აბაშიძეზე" შეკრებილმა პუბლიკამ მეტი გოლი ვეღარ იხილა - ტურნირის ლიდერთა ძალიან დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება ფრედ 1-1 დასრულდა.

 

დღეიდან ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" ტურნირში საზაფხულო პაუზა გამოცხადდა. შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი მიმდინარე წლის 18 აგვისტოს გამართავს - ამ დღეს "ზესტაფონი" ზუგდიდს ესტუმრება და ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთ წარმომადგენელს, ადგილობრივ "ოდიში-1919"-ს დაუპირისპირდება.

 

29.06.2021. ”ზესტაფონი” - ”დინამო-2” (თბილისი) 1-1

"ზესტაფონი": მიქავა, კაკუშაძე, გელაშვილი, ხუჯაძე, ნიკოლაძე, გრიგალაშვილი (მოსიძე, 60), გოგიჩაიშვილი, საღარეიშვილი, ამბროლაძე, ნანობაშვილი (გაჩეჩილაძე, 60), ხმელიძე.

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021