Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.06.2021

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს "ზესტაფონის" დაბადების დღეა

 

 

 

 

 

 

 

დღეს „ზესტაფონი“ 17 წლის გახდა
 

2021 წლის 18 ივნისს საფებურთო კლუბ „ზესტაფონს“ დაარსების დღიდან 17 წელი შეუსრულდა.   წარმოგიდგენთ მცირე მასალას, რომელიც გასული წლების მანძილზე ჩვენი კლუბის მიერ განვლილ გზაზე,  მის ისტორიაზე, სპორტულ მოედნებსა თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებში „ზესტაფონის“ წარმატებებზე, ახალგაზრდა თაობასთან  მუშაობაზე  და გულშემატკივართა მრავალრიცხოვან არმიაზე მოგვითხრობს...

 

 საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 2004 წლის 18 ივნისს  დაარსდა. არსებობის პირველივე წლებში ზემოიმერული კლუბი ეროვნულ ჩემპიონატში ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა. 2007-2008 და 2009-2010  წლების სეზონებში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა, ხოლო 2008 წლის 16 მაისს კი დავით ყიფიანის სახელობის ეროვნულ თასი დაისაკუთრა...

 

მარგველთა უდიდესი გამარჯვებები კლუბის არსებობის მეშვიდე და მერვე სეზონებმა მოიტანეს - 2011 წლის 14 მაისს კლუბის ისტორიაში პირველად ზესტაფონელები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, ხოლო 2012 წელს მათ ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტული შეინარჩუნეს.  


"ზესტაფონი" საქართველოს სუპერთასის 2011 და 2012 წლის გათამაშებების გამარჯვებულია;   2005, 2006, 2007 და 2012 წლებში - ეროვნული თასის გათამაშების ფინალისტი. 2013-2014 წლების სეზონი კი კლუბმა საპატიო მეორე ადგილზე დაასრულა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

 

”ზესტაფონი” - თასის მფლობელი-2008  

”ზესტაფონი” - საქართველოს ჩემპიონი-2011

 

ზესტაფონის ცენტრალურმა სტადიონმა ფუნქციონირება 1952 წელს დაიწყო. სხვადასხვა წლებში ამ არენაზე საშინაო მატჩებს ადგილობრივი ”მეტალურგი” (1952-1989 და 2001-2004) და ”მარგვეთი” (1990-2000) მართავდნენ.  2004 წლიდან კი სტადიონზე  ასპარეზობს ”ზესტაფონი”, რომელსაც მემკვიდრეობით განადგურებული არენა, მოშლილი ინფრასტრუქტურა და ფეხბურთის სათამაშოდ უვარგისი მინდვრის საფარი ერგო.

 

2004 წელს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” შექმნისთანავე, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა საფუძვლიანი სამშენებლო სამუშაოები, რომელთა მიზანიც არენის განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა გახლდათ.

 

”ზესტაფონი” - საქართველოს ჩემპიონი-2012

”ზესტაფონი” - სუპერთასის მფლობელი-2012


2005 წელს სტადიონზე ჩატარდა მოედნის საფარის გამოცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები, დამონტაჟებულ იქნა ევროპული ტექნოლოგიით შექმნილი თანამედროვე სადრენაჟო და სარწყავი სისტემები.


2005-2010  წლებში სტადიონზე შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა - ტრიბუნები აღიჭურვა პერსონალური სავარძლებით,  გარემონტდა გასახდელები და სავარჯიშო დარბაზები სპორტსმენთათვის,  ამოქმედდა განათების თანამედროვე სისტემა, რომელიც 1 600 ლუქსის შესაბამისს განათებას უზრუნველყოფს...


2010 წლის 9 აპრილს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონს საფეხურთო კლუბ ”ზესტაფონის” გარდაცვლილი გენერალური დირექტორის, ვეტერანი ფეხბურთელისა და თვალსაჩინო საფეხბურთო მოღვაწის, ბატონი დავი აბაშიძის სახელი  მიენიჭა.

 

  2005 წელი

2016 წელი


დღესდღეობით დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე დაგებულია თანამედროვე მინდვრის საფარი - კომპანია ”Lawns of Georgia”-ს  მიერ დამზადებული ნატურალური ”მწვანე ხალიჩა”.   

    

ამის პარალელურად, საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ქალაქის გარეუბანში დაიწყო საწვრთნელი ბაზის მშენებლობა, სადაც უკვე ფუნქციონირებს სტანდარტული ზომისა და უმაღლესი ხარისხის სამი ბუნებრივსაფარიანი მოედანი.  


სტადიონის რემონტისა და ბაზის მშენებლობის გარდა, ჩვენმა კლუბმა ზესტაფონში ააშენა ხელოვნურსაფარიანი კომპლექსი (ე.წ. "ფეროს" სტადიონი), რომელიც ჩვენი კლუბის სტრუქტურაში გერთიანებული  გუნდების გარდა, 15 წლის მანძილზე უფასოდ ემსახურება ქალაქში მოქმედ ბავშვთა და ჭაბუკთა სხვადასხვა საფეხბურთო გუნდებს, სკოლებსა და სექციებს.  


2013 წელს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი ბაზის მშენებლობა დაიწყო. სადღეისოდ ამ სპორტულ  ბაზაზე უკვე ამოქმედებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ორი უმაღლესი ხარისხის სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი.

 

  2008 წელი

2015 წელი

 

ჩვენი კლუბის დედაქალაქურ ბაზაზე მწვანე საფარის დაგების პროცესსა და ამ საფარის გამართულად ფუნქციონირება-ექსპლუატაციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაში თავის წვლილი შემდეგმა კომპანიებმა შეიტანეს: "Hi Tech Irrigation Georgia"-მ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საირიგაციო ტექნიკის მწარმოებელ სახელგანთქმულ ამერიკულ კომპანია "Hunter"-ს წარმოადგენს და კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც უმაღლესი ხარისხის ლანდშაფტურ და UEFA-ს სტანდარტების შესაბამის სპორტული დანიშნულების რულონურ გაზონებს საქართველოშივე ამზადებს...

 

ჩვენს ქვეყანაში უეფას ეგიდით ბოლო წლებში გამართული U21, U19 და U17 ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ყველა შესარჩევი ტურნირის მონაწილე გუნდები სწორედ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზის მინდვრებზე ვარჯიშობდნენ...

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისში მოქმედი სპორტული კომპლექსის მწვანე მინდვრებზე 2017 წლის ივნისის თვეში საქართველოში გამართული რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო თასის მატჩებისათვის ემზადებოდნენ ამ ტურნირის მონაწილე ირლანდიისა და ახალი ზელანდიის გუნდები...

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელსაც ჯერ სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი ხელმძღვანელობდა, ახლა კი სათავეში ფრანგი ვილი სანიოლი უდგას, უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში საშინაო შეკრებებს სწორედ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" სპორტული კომპლექსის მოედნებზე მართავს...

 

2018 წლის ზაფხულში თბილისის ზღვასთან მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე იტალიური და ევროპული ფეხბურთის გრანდების, მილანის "ინტერისა" და ტურინის "იუვენტუსის" საზაფხულო კემპები გაიმართა. ბანაკების მუშაობაში საქართველოს სხვადასხვა საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელმა, 6-დან 16 წლამდე ასაკის ასეულობით ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. 2019 წელს თბილისის ზღვის ბაზაზე საზაფხულო კემპი მადრიდის "რეალმა" გამართა...

 

გასული წლების განმავლობაში ჩვენს თბილისურ ბაზაზე საწვრთნელი შეკრება არაერთმა ქართულმა და უცხოურმა საკლუბო გუნდმა გაიარა. ზესტაფონელთა საფეხბურთო კომპლექსის საფეხბურთო მინდვრებზე მომზადების სურვილს სხვადასხვა ქვეყნის მრავალი გუნდი ახლაც გამოთქვამს.

 

2019 წლის მარტიდან მოყოლებული თბილისის ზღვის ბაზაზე CRYSTALBET ეროვნული ლიგის მატჩები იმართება. 2020 წელს თბილისის ზღვასთან მდებარე კლუბის ბაზაზე "ზესტაფონის" ბავშვთა და ჭაბუკთა აკადემია ამოქმედდა.

 

 „ზესტაფონის“ ბაზა თბილისის ზღვაზე

 ეროვნული ნაკრები „ზესტაფონის“ ბაზაზე

 

დღესდღეობით ბაზაზე უკვე ამოქმედებულია ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც გუნდებისა და მსაჯების აბანო-გასახდელების გარდა, დელეგატთა, სამედიცინო პერსონალის, საპროცედურო ოთახები, სატრენაჟორო დარბაზი და მედია-კაფე გახლავთ განთავსებული. ამასთან, მოეწყო მცირე ზომის ტრიბუნა, რომელზეც 300-მდე მაყურებლის განთავსებაა შესაძლებელი...

 

ჩვენი კლუბი და მისი პარტნიორი კომპანია დიდ ყურადღებას აქცევენ მათ ხელში არსებული ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებასა და შემდგომ განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, კომპანია "Lawns of Georgia"-ს მიერ, რომელიც ჩვენი კლუბის მფლობელის, ბატონი ილია კოკაიას ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერითაა შექმნილი, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ამოქმედებულ იქნა მეურნეობა, რომელიც UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი სპორტული დანიშნულების რულონური გაზონების დამზადებითაა დაკავებული.

 

"Lawns of Georgia"-ს მიერ წარმოებული მწვანე საფარის საქვეყნოდ აღიარებული ხარისხისა და კომპანიის პატრონაჟის ქვეშ არსებული საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" კუთვნილ ინფრასტრუქტურასთან ურთიერთობის მრავალწლიანი და სასარგებლო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო სტადიონებზე საქართველოშივე წარმოებული უმაღლესი ხარისხის ნატურალური საფარის დაგების მიზნით, გაზონების შეძენა სწორედ კომპანია "Lawns of Georgia"-საგან გადაწყვიტა.

 

2018 წლის მანძილზე კომპანია "Lawns of Georgia"-ს პროდუქცია საქართველოს 6 ქალაქის სპორტულ არენებზე იქნა დაგებული - საუბარია ფოთის, სამტრედიის, წყალტუბოს, ქობულეთის და ბოლნისის ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონებსა და რუსთავის საფეხბურთო ბაზაზე არსებულ 2 მინდორზე.

 

საქართველოს 2017 წლის ვიცე-ჩემპიონი 17-წლამდელები

U-13 გივი ნოდიას თასის ფინალში

 

სფფ-ს წინა ხელმძღვანელობის მიერ "ზესტაფონის" წინააღმდეგ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებების გატარებამდე და კლუბის უმაღლესი ლიგიდან მოკვეთამდე, კლუბში 200-მდე ბავშვი და ჭაბუკი ვარჯიშობდა. დღესდღეობით კი, ლიგა-4-ის გათამაშების მონაწილე კოლექტივის გარდა, ჭაბუკთა შორის ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგაში" "ზესტაფონის" თხუთეტ- და ჩვიდმეწლამდელთა გუნდი ასპარეზობენ, სხვადასხვა ასაკობრივი გუნდითაა წარმოდგენილი ჩვენი კლუბი თბილისის "ელიტ-ლიგაშიც".

 

17 წლის მანძილზე  სპორტსა და ცხოვრების ჯანსაღ წესს უფასოდ ეზიარა 1 300-ზე მეტი ზესტაფონელი მოზარდი. ამასთან, 100-ზე მეტი ბავშვი თბილისის ზღვის აკადემიაში ვარჯიშობს...

 

დავი აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონს არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მატჩისთვის უმასპინძლია. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა უეფას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში მალტელ, თურქ და ხორვატ, ხოლო ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინელ თანატოლებს სწორედ ზესტაფონში უმასპინძლა.

 


არენა, რომელსაც უეფას მეორე კატეგორია აქვს მინიჭებული,  სისტემატურად მასპინძლობს უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის შეხვედრებს - აქ უნგრულ „დიორი ეტოს“, ჩრდილოირლანდიურ „ლისბიორნს“, შვედურ „ჰელსინგბორგს“, სლოვაკურ „დუკლასა“ და „სპარტაკს“, უკრაინულ „კარპატის“, მოლდავურ „დაჩიას“, აზერბაიჯანულ „ნეფტჩის“ და მრავალ სხვა კლუბს უასპარეზია.

 

ევროპალიგის საშინაო მატჩები კვიპროსულ კლუბებთან - „ანორთოსისთან“ და „ომონიასთან“ სწორედ ზესტაფონში ითამაშეს  საქართველოს თასის 2011 წლის გამათაშების გამარჯვებულმა „გაგრამ“ და ქვეყნის 2015 წლის ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“.

 

2016 წლის ივლისში "დავით აბაშიძეზე" საჩხერის "ჩიხურა" და საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" შესაბამისად მოლდავურ „ზიმბრუსა“ და აზერბაიჯანულ „გაბალას“ დაუპირისპირდნენ, ხოლო ნოემბერში ჩვენმა სტადიონმა ქუთაისის "ტორპედოსა" და მარტვილის "მერანს" შორის გამართულ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა.

 

2009. ”ზესტაფონი” – „ჰელსინგბორგი“ (შვედეთი)

2011. ”ზესტაფონი” – „დაჩია“ (მოლდოვა)  

 

შექმნის მომენტიდან საფეხბურთო კლუბმა „ზესტაფონმა“ ადგილობრივ  გულშემატკივართა უსაზღვრო სიყვარული დაიმსახურა.  მაყურებელთა დასწრების თვალსაზრისით, ჩვენი გუნდი საქართველოს მასშტაბით  სისტემატურად მოწინავეთა რიგებში ხვდებოდა.


კლუბს ჰყავს გულშემატკივართა კლუბი, რომელიც მრავალ წევრს აერთიანებს. გარდა იმისა, რომ ფანები თავის საყვარელ გუნდს ერთგულად ქომაგობდნდენ  სტადიონის ტრიბუნებზე, ისინი, დღესაც აქტიურად არიან ჩართული საფეხბურთო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 
ყველაფერი ის, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, საფეხბურთო კლუბ  ”ზესტაფონის” მეპატრონე, ბატონი ილია კოკაიას დიდი მონდომებისა და მის მიერ პირადი სახსრებიდან ამ პროექტის დაფინანსების პირობებში გახდა შესაძლებელი.  სულ, საფეხბურთო ინფრასტრუქტურისა და კლუბის განვითარება-შენახვისათვის ინვესტორის მიერ ზესტაფონში 40 მილიონ ა.შ.შ. დოლარამდე იქნა დახარჯული!

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021