Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

15.06.2021

 

 

 

 

 

 

 

 

ზღვის ბაზაზე მოპოვებული გამარჯვება

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 15 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი მატჩი გამართა - საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" მეთორმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები თბილისის საფეხბურთო კლუბ "იბერიას" დედაქალაქში ესტუმრნენ.

 

დღევანდელი მატჩის გამართვა კასპის ცენტრალურ სტადიონზე გახლდათ დაანონსებული, თუმცა თბილისელებს დათქმულ დროს კასპში მატჩის გამართვასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეექმნათ და საბოლოოდ, გუნდები შეხვედრის თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ჩვენი კლუბის ბაზაზე გამართვასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ...

 

ჩვენი მკითხველისათვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ის ამბავი, რომ ზემოიმერული კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ "ზესტაფონის” პირველმა გუნდმა ოფიციალური შეხვედრა თბილისის ზღვის ბაზაზე გამართა. აქამდე საკუთარი ბაზის მინდვრებზე ჩვენს გუნდს მხოლოდ ამხანაგური შეხვედრები ჩაუტარებია, დღეს კი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ნომინალური სტუმრის რანგში მოუხდა ასპარეზობა...

მატჩი ზესტაფონელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მე-9 წუთზე მათ ანგარიშის გახსნა მოახერხეს - მოედნის ცენტრში დაწყებული და შეტევის მარჯვენა ფლანგზე განვითარებული იმერელთა მრავალსვლიანი შეტევა, რომელშიც მონაწილეობა ირაკლი საღარეიშვილმა, ზურა გელაშვილმა, თორნიკე კაკუშაძემ და გიგა ამბროლაძემ მიიღეს, ამ უკანასკნელის ჯუბა ხმელიძეზე ზუსტი გადაცემით და ზესტაფონელთა ბომბარდირის ზუსტი დარტყმით დასრულდა.

 

მარგველები თბილისელ ოპონენტებს ამოსუნთქვის საშუალებას არც ანგარიშში დაწინაურების შემდეგ აძლევდნენ და მათ უპირატესობის კიდევ უფრო გაზრდის რამდენიმე კარგი შანსიც მიეცათ. ამის მიუხედავად, შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა და პირველი ტაიმი იმერელთა მინიმალური უპირატესობით 1-0 დასრულდა...

მეორე ტაიმი კი ზესტაფონელთა მიერ გატანილი კიდევ ერთი გოლით დაიწყო. საინტერესოა, რომ მარგველთა პირველი გოლის მსგავსად, მეორეც ტაიმის მე-9 წუთზე (შეხვედრის 54-ეზე), შეტევის მარჯვენა ფლანგიდან განვითარებული შეტევის შედეგად და იმავე "მოქმედი პირების" აქტიურობის შედეგად გავიდა. შეტევა, რომელშიც მონაწილეობა გიგა ამბროლაძემ და თორნიკე კაკუშაძემ მიიღეს, ჯუბა ხმელიძის მორიგი გოლით დასრულდა.

იქვე თორნიკე გრიგალაშვილსა და ლაშა ნანობაშვილს უნდა გაეტანათ, თუმცა ორივეს დარტყმებს სიზუსტე ოდნავ დააკლდა. სამაგიეროდ, იბერიელებმა პირველივე მომენტი გოლად აქციეს- 69-ე წუთზე ზესტაფონელთა საჯარიმოს სიახლოვეს დაინიშნა სტანდარტი, რომელიც გოლად მერაბ მეგრელაძემ აქცია...

 

მატჩის დასკვნით ნაწილში გუნდებმა მომენტები გაცვალეს - თბილისელთა ძალიან სახიფათო თავური ოდნავ არაზუსტი გამოდგა, მარგველი ნოდარ გაჩეჩილაძის დარტყმული კი საკუთარი კარის ხაზიდან "იბერიის" გოლკიპერმა ლაშა-გიორგი გურგენიძემ მხოლოდ სასწაულებრივი რეაქციის წყალობით გამოიტანა. "ზესტაფონის" მორიგი გამარჯვება ანგარიშით 2-1.

 

15.06.2021. ”იბერია” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 1-2

"ზესტაფონი": მიქავა, ხუჯაძე, გელაშვილი, ნიკოლაძე, კაკუშაძე (სირაძე, 77), გრიგალაშვილი, გოგიჩაიშვილი, საღარეიშვილი, ამბროლაძე (მოსიძე, 89), ნანობაშვილი (სამხარაძე, 89), ხმელიძე (გაჩეჩილაძე, 66).

დაწვრილებით:

 

შემდეგ მატჩს "ზესტაფონი" 22 ივნისს გამართავს - ეროვნული ლიგა-4-ს მეცამეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ქედის საფეხბურთო კლუბ "ბეთლემს" ესტუმრებიან...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021