მიმდინარე წლის 8 ივნისს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეთერთმეტე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" სართიჭალის საფეხბურთო კლუბ "შტურმს" უმასპინძლა.
ტრავმებით გამოწვეული რამდენიმეკვირიანი იძულებითი უქმობის შემდეგ ზესტაფონელთა რიგებში მოედანს დღეს ირაკლი საღარეიშვილი, დავით მოსიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, გოგი გოგიჩაიშვილი და ნოდარ გაჩეჩილაძე დაუბრუნდნენ. თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მარგველთა "ლაზარეთი" საბოლოოდ ჯერაც არ დაცლილა და გუნდს ისევ ვერ ეხმარებიან ივანე ჭაბუკიანი და ბოლო შეხვედრაში ტრავმირებული ავთანდილ სირაძე...
რაც შეეხება "შტურმთან" გამართულ შეხვედრას, მასპინძლები საქმეს თავიდანვე აქტიურად შეუდგნენ და სასტარტო თხუთმეტწუთეულის დასასრულს უკვე ორბურთიანი უპირატესობით ამარცხებდნენ მეტოქეს - ანგარიში გიგა ამბროლაძემ მე-5 წუთზე გახსნა, მე-14-ზე კი ჯუბა ხმელიძემ ანგარიში ორამდე გაზარდა...
ზესტაფონელები ამის შემდეგაც ბევრს აქტიურობდნენ, თუმცა შეხვედრის პირველ ნახევარში გოლი აღარ გასულა. სამაგიეროდ, იმერელთათვის ნაყოფიერი გამოდგა მეორე ტაიმის სადებიუტო მონაკვეთი - 56-ე და 57-ე წუთებზე ქვემოქართლელთა კარი კიდევ ორჯერ დალაშქრა ჯუბა ხმელიძემ და თავის "ზესტაფონურ ისტორიაში" პირველი ჰეთთრიკის შესრულება მოახერხა...
ამის შემდეგ თამაში ოდნავ დამშვიდდა - სტუმრებმა მასპინძელთა ასეთ თამაშს ღირებული ვერაფერი დაუპირისპირეს, ზესტაფენელები კიდევ მათთვის კომფორტულ უპირატესობას გაუფრთხილდნენ და მატჩი მორიგ დამაჯერებელ გამარჯვებამდე, ანგარიშით 4-0 ზედმეტი აღელვების გარეშე მიიყვანეს...
შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 15 ივნისს გამართავს - საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" მეთორმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები თბილისის "იბერიას" ესტუმრებიან. მატჩი კასპის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება...
ზესტაფონელთა რიგებში ხეთთრიკის ავტორი ჯუმბერ ხმელიძე