Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.06.2021

 

 

 

 

 

 

 

 

ჭაბუკებმა მეორე ტურის მატჩები გამართეს

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 5 და 6 ივნისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" მეორე ტურის მატჩები გამართეს. ჩვენი კლუბის თხუთმეტწლამდელთა და ჩვიდმეტწლამდელთა გუნდებმა თბილისის "გლდანის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს.

 

"ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელ ჭაბუკთა გუნდმა საფეხბურთო კლუბ "გლდანის" წარმომადგენელ კოლექტივს 5 ივნისს, იმერეთში, ზესტაფონის ბაზაზე უმასპინძლა. მატჩი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, ორმხრივ იერიშებში წარიმართა და საბოლოოდ სტუმართა მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 2-3 დასრულდა.

"ვერხლის ლიგის" ტურნირის პირველი ეტაპის ერთპიროვნულმა გამარჯვებულმა გლდანელებმა ზესტაფონში გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი დამაჯერებლად ჩაატარეს და ლუკა ზენცეროვისა (მე-6 წთ.) და მოსე ჟორჟოლიანის (მე-20 წთ.) მიერ გატანილი გოლებით 2-0 მოიგეს.

კარდინალურად განსხვავებული გამოდგა მატჩის მეორე ტაიმი - მასპინძლები ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ, ბევრსაც უტევდნენ და მომენტებსაც მრავლად ქმნიდნენ. მეორე ნახევრის დაწყებისთანავე (42-ე წთ.) ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე ცხრიანში აუღებელი დარტყმით ნიკა მღარიშვილმა შეამცირა, მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე (74-ე წთ.) კი გაგა ფუტკარაძემ ზესტაფონის ბაზაზე შეკრებილთ ერთგვარი სასწაული შესთავაზა და დაუჯერებელი "მაკრატელით" ანგარიში საყაიმო გახადა.

ზესტაფონელებმა მატჩის მოსაგებად გაიწიეს და 78-ე წუთზე მათ სტუმართა სწრაფი კოტრაქცია გაეპარათ - გოლი ნიკოლოზ ბოჭორიშვილის ანგარიშზეა. დარჩენილ დროში მასპინძლებს ანგარიშის კიდევ ერთხელ გათანაბრების ორი შანსი მიეცათ, თუმცა გლდანელებს გამარჯვებაც და მასთან ერთად 3 ქულაც მეკარე საბა ასათიანის ძალიან კარგმა თამაშმა შეუნარჩუნა...

 

06.06.2021. U-15. ”ზესტაფონი” - ”გლდანი” (თბილისი) 2-3

"ზესტაფონი" (U-15): სარალიძე, ქურცაძე, კვანტიძე, ფუტკარაძე, ტ. ცხადაძე, მღარიშვილი, ლაბაძე, ბერუაშვილი, ბაბაიანი (ჭულუხაძე, 41), ჯამასპიშვილი, ყენია (ნ. ცხადაძე, 66).

 

* * *

6 ივნისს კი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზამ ჩვენი ჩვიდმეტწლამდელთა გუნდის და საფეხბურთო კლუბ "გლდანის" წარმომადგენელი მათი თანატოლების დაპირისპირებას უმასპინძლა. შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა საგრძნობი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბა დავითულიანის მიერ 31-ე წუთზე გატანილი გოლით მათ ტაიმი მოიგეს კიდეც...

 

მეორე ნახევრის დაწყებისთანავე მასპინძლებს 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის შესრულების უფლება მოიპოვეს, თუმცა მისი გოლად ქცევა ვერ მოხერხდა. ამის მიუხედავად, გიორგი მელიქიშვილის დამმოძღვრილმა გუნდმა აქტიურად თამაში განაგრძო და 78-ე წუთზე გიორგი ონიანმა "ზესტაფონელთა" უპირატესობა ორ ბურთამდე მაინც გაზარდა.

 

საბოლოოდ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 17-წლამდელთა გუნდმა მიმდინარე სეზონში მორიგი გამარჯვება, ანგარიშით 2-0 იზეიმა და "ვერცხლის ლიგის" ტურნირში გამართული 2 ტურის შემდეგ, თბილისის "მერანისა" და 35-ე საფებურთო სკოლის გუნდებთან ერთად, ისევ უდანაკრგოდ ასპარეზობს...

 

06.06.2021. U-17. ”ზესტაფონი” - ”გლდანი” (თბილისი) 2-0

"ზესტაფონი" (U-17): იმერლიშვილი, ხვისტანი, პირველი, სეხნიაშვილი, დადუნაშვილი, წამალაშვილი, წიქარიშვილი, ღუღუნიშვილი, შუკაკიძე (ვაჩეიშვილი, 74), დავითულიანი, ონიანი.

 

საინტერესოა, რომ მორიგი, რიგით მესამე ტურის შეხვედრას "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელები სწორედ ერთ-ერთი უშუალო კონკურენტის წინააღმდეგ გამართავენ - 13 ივნისს ჩვენი გუნდი 35-ე საფეხბურთო სკოლის წარმომადგენელ თანატოლებს ესტუმრება. რაც შეეხება თხუთმეტწლამდელებს, ამავე დღეს ისინი "დილას" გორში ესტუმრებიან.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021