02.06.2021
უგოლო ფრე ქუთაისში
მიმდინარე წლის 2 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი შეხვედრა გამართა - საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" მეორე წრის სასტარტო, რიგით მეათე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მეორე გუნდს ესტუმრნენ...
ქუთაისში დღეს გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად 6 (ივანე ჭაბუკიანი, ირაკლი საღარეიშვილი, დავით მოსიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, გოგი გოგიჩაიშვილი და ნოდარ გაჩეჩილაძე) ფეხბურთელი მოისაკლისეს და "ტორპედოს" ბაზის ხელოვნურსაფარიან მინდორზე მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით გავიდნენ...
თუ გავითვალისწინებთ ზესტაფონელთა საკადრო პრობლემებს, არ უნდა იყოს გასაკვირი ის, რომ სტუმართა გუნდისათვის დღეს გამართული შეხვედრა სულაც არ გამოდგა მიმდინარე სეზონში საუკეთესო. ამის მიუხედავად, ზემოიმერლებს ახალგაზრდა ტორპედოელებთან მატჩის სათავისოდ დასასრულებლად რამდენიმე შესაძლებლობა მაინც მიეცათ...
გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ ლაშა ნანობაშვილი, ჯუბა ხმელიძე და კობა გოგობერიშვილი, თუმცა ქუთათურთა გოლკიპერმა შოთა იგითხანიანმა ყველა ამ მომენტის გაუვნებელყოფა მოახერხა. შედეგად, ორი იმერული კოლექტივის შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0-0 დასრულდა.
|
02.06.2021. ”ტორპედო-2” (ქუთაისი) - ”ზესტაფონი” 0-0 |
"ზესტაფონი": მიქავა, სირაძე (ჩხიკვაძე, 75), გელაშვილი, ხუჯაძე, ნიკოლაძე, კაკუშაძე, სამხარაძე, ნანობაშვილი, ამბროლაძე, გოგობერიშვილი, ხმელიძე.
დაწვრილებით:
|
შემდეგ მატჩს "ზესტაფონი" 8 ივნისს გამართავს - ეროვნული ლიგა-4-ს მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები სართიჭალის საფეხბურთო კლუბ "შტურმს" უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება...
|