30.05.2021
ინტერვიუ გიორგი ხიდეშელთან
"ზესტაფონი" ძალიან სჭირდება ქართულ ფეხბურთს...
მიმდინარე წლის 30 მაისს ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ინტერვიუ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრ გიორგი ხიდეშელთან, რომელშიც ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ქვეყნის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ძალიან საინტერესოდ საუბრობს. ჩვენი ინტერნეტგვერდი ამ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ...
კარგად გვახსოვს - 2011 წლის ზაფხულში "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგაზე მოლდოვურ "დაჩიას" გადაეყარა და პირველ, საშინაო შეხვედრაში 3:0 მოუგო. ამას განმეორებითი ჯახი მოჰყვა კიშინიოვში, სადაც მასპინძლებმა ყველაფერი იკადრეს, რომ მარგველთა ბარიერი დაეძლიათ. თამაშის დასრულებას ბევრი აღარ აკლდა, როცა მინდორზე საშინელი ხმა გაისმა. "დაჩიას" ერთ-ერთმა ფეხბურთელმა გიორგი ხიდეშელი მაგრად გაიმეტა და იმის შემდეგ საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველს მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაში გაუჭირდა...
რომ არა ის ტრავმა, გიორგი აუცილებლად წავიდოდა სოლიდურ ევროპულ კლუბში და ამ სტრიქონების ავტორის ღრმა რწმენით, დიდხანს ითამაშებდა საქართველოს ნაკრებში, დაცვის რგოლში არსებული დიდი კონკურენციის მიუხედავად...
ხიდეშელი უაღრესად საინტერესო, დახვეწილი მოსაუბრეა. ვილაპარაკეთ მის კარიერაზე, მის საფეხბურთო სევდაზე, მოკლედ ყველაფერზე, რამაც შეიძლება მკითხველი დააინტერესოს...
- გიორგი, ფეხბურთი ალბათ პატარაობიდანვე გიყვარდათ. მოდით, გავიხსენოთ თქვენი პირველი საფეხბურთო ნაბიჯები...
- როგორც ყველა ბავშვს, ფეხბურთი მეც ძალიან მიყვარდა. თავიდან "შრომით რეზერვებში" დავიწყე თამაში. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო ტარიელ კანდელაკი. ამის შემდეგ საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკში" გადავედი ლევან მელიქიასთან. მერე ლევან გვანცელაძის ინიციატივით აღმოვჩნდი საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში", სადაც გელა გომელაურს 1987 წელს დაბადებული მოზარდების ნაკრები ჰყავდა. მერე კობა ჟორჟიკაშვილმა დამიძახა 18-წლამდელთა ნაკრებში. ახალგაზდულ ოლიმპადაზე ვითამაშეთ და მოვიგეთ.
- ოლიმპიადის მოგება თქვენი პირველი, სერიოზული წარმატება იყო...
- კი და ეს არასოდეს დამავიწყდება! ეს ოლიმპიადა იტალიის ქალაქ ლინიანოში ჩატარდა. ჯგუფიდან გავედით, მერე შვეიცარიას მოვუგეთ და ფინალში იტალიის ნაკრებს დავუპირისპირდით. ძალიან ძლიერი გუნდი იყო. ამის მიუხედავად, 2:0 გავიმარჯვეთ. ჩვენი გუნდიდან გოლები რატი წინამძღვრიშვილმა და დავით ჯანელიძემ გაიტანეს.
- მერე იყო "ზესტაფონი"...
- ოლიმპიადაზე თავგამოჩენილი ბიჭებიდან ბევრი მოხვდა "ზესტაფონში". სხვათა შორის, გუნდში რომ მივედი, საყრდენ ნახევარმცველად ვთამაშობდი. ჩემი სიმაღლის გათვალისწინებით, იდეალური კოორდინაცია არ მქონდა. მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე რომ მოვიდა გუნდში, ცენტრალურ მცველად გადამიყვანა...
- "ზესტაფონს" განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თქვენს კარიერაში...
- სხვანაირად ვერც იქნება. ყველაზე ხანგრძლივი, ყველაზე კარგი პერიოდი სწორედ ამ კლუბში გავატარე. კი, ტრავმის გამო ვერ გამოვიდა ჩემი კარიერა ისეთი, როგორიც მინდოდა, მაგრამ ამ გუნდთან ერთად ორჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი და მოვიგე თასი. ევროთასებზე ბიჭებთან ერთად კარგი თამაშები ჩავატარე... მინდა, წარმატებები ვუსურვო "ზესტაფონს". მუდმივად ვიგებ ამბებს და ვიცი, რომ გუნდი წარმატებით თამაშობს მეოთხე ლიგაში და მიზნად აქვს უმაღლეს ლიგაში დაბრუნება. სწორედ აქაა "ზესტაფონის" ადგილი. მიხარია ისიც, რომ კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელია "ზესტაფონის" ლეგენდა და ჩემი მეგობარი ჯაბა დვალი. მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო, ვინც ამ საქმეს უდგას სათავეში. "ზესტაფონი" ძალიან სჭირდება ქართულ ფეხბურთს.
- მოდით, ის დაწყევლილი დღე გავიხსენოთ...
- პირველ შეხვედრაში "დაჩიამ" უშანსოდ მოვუგეთ და საპასუხო მატჩში ყველაფერი გააკეთეს, რომ ორი შეხვედრის ჯამში არ წაეგოთ. მახსოვს, ჩხუბიც იყო კიშინიოვში... ზოგადად, მწვრთნელები პირველი შეხვედრის შემდეგ გვიჩიჩინებდნენ, დასრულებული არაფერიაო. ფეხბურთელის ფსიქოლოგია მაინც სხვაა. დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ მაინც არის მოშვების მომენტი... იყო აგვისტო და სიცხე, იყო დიდი უპირატესობა და, ალბათ, მაინც სადღაც გულის სიღრმეში, გვქონდა შეგრძნება, რომ შეიძლებოდა, ცოტა შეგვენახა თავი, რადგან "დაჩიას" მერე სერიოზული თამაშები გველოდა. მახსოვს, ბევრი აღარ იყო დარჩენილი მსაჯის სასტვენამდე, როცა მთელი სხეულით დამეცა ფეხზე მოლდოველთა ფორვარდი. საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ჯვარედინი იოგები - ამან ძალიან დიდი როლი უთამაშა იმაში, რომ ჩემი კარიერა ასე ნაადრევად დასრულდა. ჯვარედინი იოგების ტრავმა განსაკუთრებით რთულად გადააქვთ ტანმაღალ ფეხბურთელებს. კი, შეიძლება ვარჯიშით "გაატანინო" და ითამაშო, მაგრამ დღეს მედიცინა სულ სხვა დონეზეა, ვიდრე მაშინ. მერე იყო რამდენიმე ოპერაცია. ბოლო ქირურგიული ჩარევა მაშინ დამჭირდა, როცა "ლოკომოტივში" ვთამაშობდი.
- ზუსტად ვიცით: რომ არა ეს ტრავმა, უეჭველად ითამაშებდით სოლიდურ ევროპულ ევროპულ კლუბში...
- სხვათა შორის, არაერთი შეთავაზება მქონდა, თან ყველა კლუბი პირდაპირ კონტრაქტის გაფორმებას მთხოვდა, დღესაც შინ მიდევს გამზადებული კონტრაქტები. იყო კიევის "დინამო", იყო "კარპატი", რომელშიც მაშინ სანდრო გურული თამაშობდა და რომელიც ევროპალიგის ჯგუფში მოხვდა, იყო ლაპარაკი "დნიპროზე"... იყო შეთავაზებები ბუნდესლიგიდან... ამ ტრავმამ ყველაფერი წყალში ჩაყარა.
მაშინ "ზესტაფონს" დიდი მიზნები ჰქონდა და ჩვენ ანთებულები ვიყავით. სულ მცირე, ევროპალიგის ჯგუფში გვინდოდა შესვლა და გუნდიდან წასვლა წარმოუდგენლად მიგვაჩნდა... მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ბოლომდე ვერ დავიჯერეთ და რომ გავვარდით, მაშინ დაგვწყდა გული. არადა, ნაღდად შეგვეძლო. რამდენიმე ობიექტური მიზეზეზი იყო, თუნდაც - ჩემი ტრავმა. სამწუხაროდ, ვერც "შტურმთან" ვითამაშე და ვერც "ბრიუგესთან". ჩვენ წარმოუდგენლად მიგვაჩნდა იმ ხალხისთვის ზურგის შექცევა, ვინც გვერდით გვედგა. დღეს ძალიან კარგი გარემოა ბათუმში და ეს მახარებს. წლების წინ ანალოგიური სიტუაცია იყო ზესტაფონშიც. ჩვენს ყველა თამაშზე ივსებოდა სტადიონი. უნდა გვეთამაშა ჯგუფში და მერე ალბათ ზოგი ჩვენგანი წავიდოდა ევროულ კლუბში, მოხდებოდა თაობის ცვლა, მაგრამ... ამ მიზნის შესრულების გარეშე ჩვენ არ ვაპირებდით გუნდიდან წასვლას.
- საინტერესოა, თუ მოგიხადათ ბოდიში იმ მოლდოველმა, მძიმე ტრავმა რომ მოგაყენათ?
- არ მოუხდია და, სიმართლე გითხრათ, ამას არც ველოდი. შეიძლება, მაშინაც არ ოცოდა და ვერც შემდეგ გაიგო, რა სირთულის ტრავმა მომაყენა. ჯვარედინი იოგების ტრავმა ძალიან სპეციფიკური რამეა. შეიძლება ზოგმა ადვილად გადაიტანოს, მე კი... ყველა დაიფაროს ღმერთმა!
- თქვენ მაინც შეძელით დაბრუნება, მაგრამ... ეს ის გიორგი ხიდეშელი აღარ იყო...
- ძალიან მოვინდომე და დავბრუნდი. თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებშიც გამომიძახა და ესპანეთთან მატჩშიც მათამაშა, მაგრამ სულ ტკივილით ვთამაშობდი, სულ იმის ფიქრი მქონდა, რომ მინდვრიდან ჯანმრთელი გავსულიყავი და არა იმის, რომ მაინცდამაინც კარგად მეთამაშა... ასე ყოფნა ძალიან რთულია. თეორიებზე ვუყურებდი ჩემს თამაშს და გული მიკვდებოდა... ასეთ წვალებას წასვლა ვარჩიე. მაშინ დავკარგე ბევრი, როცა ამ ტრავმამ პრაქტიკულად ორნახევარი წელიწადი ჩამომაშორა ფეხბურთს.
- ახლა რა გაკავშირებთ ფეხბურთთან?
- ფეხბურთთან კავშირი არასოდეს გამიწყვეტია. არის შესანიშნავი წამოწყება - მასტერლიგა, ასევე ვთამაშობ ჩემს მეგობრებთან ერთად. მინდა, ლიცენზია ავიღო და ჩემი თავი სამწვრთნელო საქმეში გამოვცადო. ვნახოთ, როგორ გამომივა. კიდევ ის არის, რომ ჩემი ვაჟი დადის ფეხბურთზე...
- ჯერ ნამდვილად ვერ ვიტყვი, ცოტა ადრეა. ძალიან მომწონს ის, რომ ფეხბურთი უყვარს. ჯერ მაინც ადრეა... მე "ვაშანტაჟებ", გაკვეთილები ისწავლე, თორემ ფეხბურთზე არ გაგიშვებ-მეთქი. კარგად სწავლობს და ესეც მახარებს...
სპორტული გაზეთი "ლელო"
|