27.05.2021
უხვგოლიანი ფრე ბათუმში
მიმდინარე წლის 27 მაისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი შეხვედრა გამართა - საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" პირველი წრის დასკვნით, რიგით მეცხრე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ხელვაჩაურის საფეხბურთო კლუბ "მაჭახელას" ბათუმში ესტუმრნენ...
მატჩი ზესტაფონელთა იერიშებითა და სწრაფი გოლით დაიწყო - უკვე მე-2 წუთზე სტუმართა შემტევმა გიგა ამბროლაძე ზუსტი გადაცემით მასპინძელთა გოლკიპერთან პირისპირ გაიყვანა თანაგუნდელი ჯუბა ხმელიძე და ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმის შემდეგ წინ იმერლები გავიდნენ.
სტუმრები ანგარიშში დაწინაურების შემდეგაც ბევრს უტევდნენ და ხელვაჩაურელთა კართან ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს. გოლის გატანასთან ძალიან ახლოს ლაშა ნანობაშვილი, გიგა ამბროლაძე და ჯუბა ხმელიძე იყვნენ, თუმცა აჭარლები ხიფათს ჯერ საკუთარი დაცვისა და მეკარის საიმედო თამაშის, შემდეგ კი სტუმართა მიერ დაშვებული უზუსტობების წყალობით გადაურჩნენ.
თანდათანობით სტუმართა თამაში ოდნავ დამშვიდდა და "მაჭახელამ" ამით უმალ ისარგებლა - 30-ე წუთზე იმერლებს მასპინძელთა სახიფათო იერიში გაეპარათ და მალხაზ ჯიგანიამ ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა. ამას ზესტაფონელთა მორიგი აფეთქება და გოლი მოყვა - 40-ე წუთზე ავთანდილ სირაძის ფლანგური გარღვევისა და კარგი გადაცემის შემდეგ, საჯარიმოში მყოფმა გიგა ამბროლაძემ ყველაფერი მშვიდად და ხარისხიანად შეასრულა...
ზემოიმერლები ამჯერადაც ნაადრევად დამშვიდდნენ და ამისათვის კიდევ ერთხელ დაისაჯნენ - შეხვედრის პირველი ნახევრის უკანასკნელ, 45-ე წუთზე ხელვაჩაურელებმა მოიპოვეს 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის შესრულების უფლება და მალხაზ ჯიგანიამ ეს სტანდარტი კიდევ ერთ გოლად აქცია...
როგორც მოგეხსენებათ, "მაჭახელას" მიმდინარე ტურნირის შედეგების გათვალისწინებით ზედა ხუთეულში მოხვედრისა და ლიგა-3-ში დაწინაურების შანსი ჯერაც არ დაუკარგოავს. შედეგად, პირველი ტაიმის მიწურულს განვითარებული მოვლენებით შეგულიანებულმა მასპინძლებმა მეორე ტაიმი გაცილებით აქტიურად ჩაატარეს და 71-ე წუთზე გიორგი გერმოზაშვილმა წინ უკვე აჭარული გუნდი გაიყვანა.
ამჯერად გააქტიურებაზე და მატჩის გადარჩენაზე ზრუნვა უკვე ზესტაფონელებს მოუხდა და რამდენიმე წარუმატებელლი მცდელობის შემდეგ, 87-ე წუთზე დღევანდელ შეხვედრაში ანგარიშში თანაფარდობის კიდევ ერთხელ აღდგენა ძალიან ორიგინალური დარტყმით ჯუბა ხმელიძემ მოახერხა - ფრე 3-3.
|
27.05.2021. ”მაჭახელა” (ხელვაჩაური) - ”ზესტაფონი” 3-3 |
"ზესტაფონი": მიქავა, გრიგალაშვილი, სირაძე, გელაშვილი (ნიკოლაძე, 55), ხუჯაძე, კაკუშაძე, საღარეიშვილი, გაჩეჩილაძე (გოგიჩაიშვილი, 51), ნანობაშვილი (გოგობერიშვილი, 72), ამბროლაძე, ხმელიძე.
დაწვრილებით:
|
შემდეგ მატჩს "ზესტაფონი" 2 ივნისს გამართავს - სეზონის პირველი ეტაპის მეორე წრის სასტარტო, მეათე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ქუთაისს ეწვევიან და ადგილობრივი "ტორპედოს" მეურე გუნდს ესტუმრებიან. მატჩი "ტორპედოს" ბაზაზე გაიმართება გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება...
|