Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.05.2021

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელთა მორიგი გამარჯვება

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 18 მაისს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის მერვე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" თბილისის საფეხბურთო კლუბ "ვიტ-ჯორჯიის" მეორე გუნდს უმასპინძლა.

 

ტრავმებით გამოწვეული რამდენიმეკვირიანი იძულებითი უქმობის შემდეგ, ზესტაფონელთა რიგებში მოედანს დღეს ერთაბაშად რამდენიმე ფეხბურთელი დაუბრუნდა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ მარგველთა "ლაზარეთი" ისევ არ დაცარიელებულა და გუნდს ჯერაც ვერ ეხმარებიან ივანე ჭაბუკიანი, კობა გოგობერიშვილი და ბაკურ ნიკოლაძე...

ახალგაზრდა "ვეტერინარებთან" დღეს გამართული შეხვედრის საწყისი წუთები სწრაფ ტემპში წარიმართა. სტუმრებმა მასპინძელთათვის დისკომფორტის შექმნა მაღალი პრესინგით სცადეს, თუმცა ზესტაფონელები მშვიდად შეეგებნენ ასეთ დასაწყისს და უკვე მე-8 წუთზე თბილისელთა კარის მიმართულებით განახორციელეს სანიმუშო კონტრაქცია, რომელიც "ზესტაფონის" შემადგენლობაში გატანილი სადებიუტო გოლით ნახევარმცველმა ირაკლი საღარეიშვილმა დააგვირგვინა.

მალევე ზესტაფონელებს მეორეც უნდა გაეტანათ - კიდევ ერთი სწრაფი იერიშისას სტუმართა გოლკიპერთან პირისპირ აღმოჩნდა იმერელთა ფორვარდი ჯუბა ხმელიძე, თუმცა დარტყმის შესაძლებლობა მას უკნიდან წამოწეულმა თბილისელთა ერთ-ერთმა მცველმა არ მისცა. მასპინძლები 11-მეტრიანის დანიშვნას ელოდნენ, თუმცა მატჩის არბიტრმა ალიკა მესხმა ეს ეპიზოდი სხვაგვარად განსაჯა. ტაიმიც ზემოიმერელთა მინიმალური უპირატესობით 1-0 დასულდა...

 

მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილი შედარებით მშვიდად წარიმართა. მასპინძლები ბურთს და ტერიტორიას აკონტროლებდნენ, თუმცა ამავდროულად ისინი საკმაოდ ფრთხილობდნენ და მეტოქეს საკუთარ კარის სიახლოვეს ხიფათის შექმნის შესაძლებლობას არ აძლევდნენ...

 

ასე გაგრძელდა 70-ე წუთამდე, როდესაც თამაშში მშვენივრად ჩართულმა გიგა ამბროლაძემ ბურთი მოედნის საკუთარი ნახევრიდან წამოიღო, ერთ-ერთი პარტნიორის მიმართულებით გადაცემაც გააკეთა, თუმცა ბურთი ვეტერინართა მცველმა ჩაჭრა და საკუთარ საჯარიმოში ეულად აღმოჩენილ... გიგა ამბროლაძეს უპასა...

 

რა გასაკვირია, რომ ზესტაფონელთა შემტევს გატანა არ გასჭირვებია. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ეპიზოდში გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებისაკენ მთავარს ალმის აწევით მოუწოდა, თუმცა ალიკა მესხი მოვლენათა ეპიცენტრთან ახლოს იმყოფებოდა და შესანიშნავად შეამჩნია ის, რომ ბოლო პასი სწორედ სტუმართა მცველმა გააკეთა...

 

მატჩის დასკვნით ნაწილში მასპინძლები ბევრს უტევდნენ და სტუმართა კართან ბევრ მომენტსაც ქმნიდნენ, თუმცა გოლის გატანა დროის ამ მონაკვეთში მხოლოდ ერთხელ მოხერხდა - 83-ე წუთზე მიზანს ლაშა ნანობაშვილის ულამაზესმა შორეულმა გასროლამ მიაღწია. "ზესტაფონი" ისევ, ამჯერად ანგარიშით 3-0 იმარჯვებს და ეროვნული ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე მკვიდრდება...

 

18.05.2021. ”ზესტაფონი” - ”ვიტ-ჯორჯია-2” (თბილისი) 3-0

"ზესტაფონი": მიქავა, მოსიძე, ხუჯაძე, სირაძე, გრიგალაშვილი (ჩხიკვაძე, 83), კაკუშაძე (გელაშვილი, 61), გოგიჩაიშვილი (ამბროლაძე, 55), საღარეიშვილი, გაჩეჩილაძე, ნანობაშვილი (სამხარაძე, 83), ხმელიძე.

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 27 მაისს გამართავს - საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" პირველი წრის დასკვნითი, რიგით მეცხრე ტურის შეხვედრაში მარგველები ხელვაჩაურის "მაჭახელას" ესტუმრებიან. მატჩი ბათუმში, ანგისას ბაზაზე გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021