16.05.2021
ჭაბუკებმა პირველი ეტაპი წარმატებით დაძლიეს
2021 წლის 15 და 16 მაისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" პირველი ეტაპის დასკვნითი მატჩები გამართეს. ჩვენი კლუბის თხუთმეტწლამდელთა და ჩვიდმეტწლამდელთა გუნდებმა საფეხბურთო კლუბ "გაგრას" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს.
15 მაისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზამ ჩვენი ჩვიდმეტწლამდელთა გუნდის და საფეხბურთო კლუბ "გაგრას" წარმომადგენელი მათი თანატოლების დაპირისპირებას უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და შესვენებისთვის ისინი ანგარიშში ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. გატანილი გოლები ვლადიმერ შუკაკიძისა (მე-12 წუთი) და დადუ დადუნაშვილის (35-ე წუთი) ანგარიშზეა.
თამაშის სცენარი დიდად არც მეორე ნახევარში შეცვლილა - მასპინძლები სათამაშო უპირატესობასაც ფლობდნენ, ბევრსაც უტევდნენ და გოლებიც გაჰქონდათ. აღნიშვნის ღირსია ის ამბავი, რომ მეორე ტაიმის მსვლელობისას "ზესტაფონის" შემტევმა გიორგი ონიანმა ჰეთთრიკის შესრულება (60-ე, 67-ე და 82-ე წუთები) მოახერხა, 75-ე წუთზე კი სტუმრებმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანეს...
"ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა (მწვრთნელი - გიორგი მელიქიშვილი) კიდევ ერთი გამარჯვება, ამჯერად დიდი ანგარიშით 6-0 იზეიმა. შედეგად, "ზესტაფონელებმა" საბოლოო ცხრილში 14 ქულა დააგროვეს და ჩვიდმეტწლამდელთა "ვერცხლის ლიგის" ცენტრალური ("ბ") ჯგუფის ტურნირი მეორე პოზიციაზე დაასრულეს.
|
15.05.2021. U-17. ”ზესტაფონი” - ”გაგრა” 6-0 |
"ზესტაფონი" (U-17): იმერლიშვილი, მამაცაშვილი (ლაფაჩი, 75), ღუღუნიშვილი (ონიანი, 75), პირველი, ხვისტანი, სეხნიაშვილი, წამალაშვილი, დადუნაშვილი, წიქარიშვილი, შუკაკიძე (ვაჩეიშვილი, 75), დავითულიანი (კახაძე, 75).
|
* * *
"ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელ ჭაბუკთა გუნდმა (მწვრთნელი - მალხაზ ღონღაძე) კი საფეხბურთო კლუბ "გაგრის" წარმომადგენელ კოლექტივს ერთი დღით გვიან, 16 მაისს, ქალაქ ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე უმასპინძლა. ეს მატჩიც ზესტაფონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა.
გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით თავი გიორგი ჭულუხაძემ (მე-19 წუთი) და ნიკა მღარიშვილმა (37-ე წუთი) გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ზესტაფონელთა გოლკიპერმა დავით სარალიძემ 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის მოგერიება მოახერხა...
საბოლოოდ, ჩვენი კლუბის წარმომადგენელმა ორივე გუნდმა ჭაბუკთა ლიგის "ვერცხლის ლიგის" პირველი ეტაპის ტურნირი მეორე პოზიციაზე დაასრულა და გადამწყვეტ, მეორე ეტაპზე ათგუნდიან "ვერცხლის ჯგუფში" ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სწორედ ეს ტურნირი, რომელშიც "ვერცხლის ლიგის" "ა", "ბ", "გ" ჯგუფების საუკეთესო სამეულები და მეოთხეადგილოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებლის მქონე კოლექტივი იასპარეზებენ, მიმდინარე სეზონის ბოლოს გაარკვევს იმ სამეულის ვინაობას, რომელიც მომავალ, 2022 წლის სეზონში თხუთმეტ- და ჩვიდმეტწლამდელთა ჭაბუკთა ლიგის "ოქროს ლიგაში" იასპარეზებს...
სეზონის მეორე ეტაპის სასტარტო შეხვედრებს "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდები 29-30 მაისს გამართავენ...
|
16.05.2021. U-15. ”ზესტაფონი” - ”გაგრა” 2-0 |
"ზესტაფონი" (U-15): სარალიძე, ქურცაძე, ფუტკარაძე, ტ. ცხადაძე, კვეტენაძე, ს. კვანტიძე, კახნიაშვილი, მღარიშვილი (ვარდოსანიძე, 54), ლაბაძე, ნ. ცხადაძე, ჭულუხაძე (ნაკაშიძე, 77).
|
|