11.05.2021
შედეგიანი გასეირნება ჩხოროწყუში
მიმდინარე წლის 11 მაისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი გასვლითი მატჩი გამართა - საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" მეშვიდე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ჩხოროწყუში ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "სამეგრელოს" ესტუმრნენ.
ორიოდე კვირის წინ თბილისის "დინამოს" აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართული მატჩის შემდეგ ზემოიმერელთა რიგებში ტრავმების "ეპიდემიამ" დაისადგურა. შედეგად, ამ და სხვა მიზეზთა გამო, ჩხოროწყუში გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ერთბაშად 8 ფეხბურთელი მოისაკლისეს. ივანე ჭაბუკიანის, ბაკურ ნიკოლაძის, თორნიკე კაკუშაძის, კობა გოგობერიშვილის, ირაკლი საღარეიშვილის, გიორგი სამხარაძისა და ზურაბ გელაშვილის იძულებით უქმობას დაემატა წინა შეხვედრებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო გუნდის ფორვარდის ჯუბა ხმელიძის დისკვალიფიკაციაც და ბონდო პაპასკირის სახელობის სტადიონის მინდორზე მარგველები მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით გავიდნენ...
ასეთი საკადრო დანაკლისის მიუხედავად, ეროვნული ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" უპირობო აუტსაიდერ "სამეგრელოთან" შეხვედრა ზესტაფონელებმა საკმაოდ მშვიდად, დამაჯერებლად ჩაატარეს და დღევანდელი მატჩის არბიტრის ბაქარ ბრეგაძის საფინალო სასტვენმა სტუმართა გუნდის გამარჯვება დიდი ანგარიშით 7-0 დააფიქსირა.
ერთ-ერთი გუნდის ასეთი კოლოსალური უპირატესობის გათვალისწინებით, მატჩის პერიპეტიებზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით თავი გიგა ამბროლაძემ (17-ე, 42-ე და 49-ე წუთებზე), ავთანდილ სირაძემ (61-ე და 67-ე წუთებზე), გოგი გოგიჩაიშვილი (63-ე წუთზე) და ლაშა ნანობაშვილმა (79-ე წუთი) გამოიჩინეს.
აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ზესტაფონელთა მაისურით ოფიციალურ ტურნირებში სადებიუტო შეხვედრები დღეს ნიკა მამაცაშვილმა და ვახო აბაკელიამ გამართეს. ორივე ეს ფეხბურთელი 2004 წელსაა დაბადებული და ორივე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის აკადემიის აღსაზრდელი გახლავთ. საინტერესოა, რომ ავთანდილ სირაძემ, ჩხოროწყუელთა კარში გატანილი ორი გოლიდან ერთ-ერთი, სწორედ 16 წლის ნიკა მამაცაშვილის გადაცემის შემდეგ გაიტანა...
|
11.05.2021. ”სამეგრელო” (ჩხოროწყუ) - ”ზესტაფონი” 0-7 |
"ზესტაფონი": მიქავა (აბრამიშვილი, 51), მოსიძე, ხუჯაძე, მამაცაშვილი, სირაძე, ჩხიკვაძე, გოგიჩაიშვილი (აბაკელია, 63), გაჩეჩილაძე, გრიგალაშვილი, ნანობაშვილი, ამბროლაძე.
დაწვრილებით:
|
შემდეგ მატჩს "ზესტაფონი" 18 მაისს გამართავს - ეროვნული ლიგა-4-ს მერვე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები თბილისის საფეხბურთო კლუბ "ვიტ-ჯორჯიის" მეორე გუნდს უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება...
|