Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

05.05.2021

 

 

 

 

 

 

 

 

მნიშვნელოვანი გამარჯვება კონკურენტ "ოდიშთან" შეხვედრაში

 

 

 

 

 

2021 წლის 5 მაისს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის მეექვსე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე მყოფ ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ოდიში-1919"-ს უმასპინძლა.

 

სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ პირველი შეხვედრის გამართვა ზესტაფონელებს შინ, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ოდიში-1919"-ს წინააღმდეგ მოუხდა. მიმდინარე ჩემპიონატის დებულების თანახმად, უშუალო კონკურენტებთან შეხვედრებში მოპოვებულ ქულებს მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ეს ამბავი დღევანდელი მატჩის მონაწილე ორივე გუნდს კარგად ჰქონდა გასიგრძეგანებული...

 

მატჩი დაზვერვის გარეშე, ორივე გუნდის მიერ შესრულებული სწრაფი იერიშებით დაიწყო. თავიდან გოლის გატანასთან ახლოს გახლდათ მასპინძელთა ფორვარდი ჯუბა ხმელიძე, შემდეგ კი ზუგდიდელი დიმიტრი თუთბერიძის სახიფათო დარტყმის შემდეგ საქმეში იმერელთა გოლკიპერი ბაჩო მიქავა ჩაერთო...

 

თამაში ამის შემდეგაც სწრაფ ტემპში გაგრძელდა და უკვე მე-10 წუთზე ანგარიშიც გაიხსნა - მოედნის ცენტრიდან განვითარებული შეტევისას ჯუბა ხმელიძემ ზუსტი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა ლაშა ნანობაშვილი და ამ უკანასკნელმა ყველაფერი მშვიდად შეასრულა. მასპინძლებმა ტემპი არც ამის შემდეგ დააგდეს და მე-15 წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე ჯუბა ხმელიძის ზუსტი დარტყმის შემდეგ გაიზარდა...

 

ზუგდიდელებმა გაიბრძოლეს და 23-ე წუთზე ზესტაფონელთა ერთ-ერთი მცველის მხრიდან საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო დანიშნული პენალტი გოლად გამოცდილმა დავით ციცხვაიამ აქცია. მალევე ორბურთიანი "სტატუ-ქვო" ჯერ ჯუბა ხმელიძეს, შემდეგ კი თორნიკე გრიგალაშვილს უნდა აღედგინათ, თუმცა ორივე ამ ეპიზოდში მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა სტუმართა გამოცდილი კიპერი და გუნდის კაპიტანი მანუჩარ ივარდავა...

 

მეორე ტაიმის დებიუტში ზუგდიდელებს ანგარიშის გათანაბრების დიდებული შანსი მიეცათ, თუმცა ამჯერად მთელი თავის ოსტატობის დემონსტრირება უკვე იმერელთა კარის დარაჯმა ბაჩო მიქავამ მოახერხა. ამ ეპიზოდს კი მალევე ზესტაფონელთა მესამე გოლი მოჰყვა - ჯუბა ხმელიძემ კარგად ისარგებლა სტუმართა მხრიდან უყურადღებოდ თამაშით და ბურთი სტუმართა გუნდის დაუცველ კუთხეში მშვიდად გადაგზავნა.

 

საბოლოოდ, მასპინძელთათვის ყველაფერი კარგად დასრულდა, "ზესტაფონმა" მორიგი გამარჯვება, ამჯერად ანგარიშით 3-1 მოიპოვა და ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" მეექვსე ტურის შემდეგ, სწორედ "ოდიში-1919"-თან ერთად (ორივე გუნდს აქტივში 13-13 ქულა აქვს) სატურნირო ცხრილის მეორე-მესამე პოზიციებს ინაწილებს. პირველ ადგილზე კი დღემდე უდანაკარგოდ მოასპარეზე თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" მეორე გუნდია მოკალათებული...

 

05.05.2021. ”ზესტაფონი” - ”ოდიში-1919” (ზუგდიდი) 3-1

"ზესტაფონი": მიქავა, მოსიძე, ხუჯაძე, გელაშვილი, გრიგალაშვილი, სირაძე (გოგობერიშვილი, 65 (ჩხიკვაძე, 77)), გოგიჩაიშვილი, საღარეიშვილი, გაჩეჩილაძე (სამხარაძე, 85), ნანობაშვილი, ხმელიძე.

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 11 მაისს გამართავს - საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" მეშვიდე ტურის შეხვედრაში მარგველები ჩხოროწყუში ადგილობრივ "სამეგრელოს" ესტუმრებიან. მატჩი ბონდო პაპასკირის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021