28.04.2021
მარცხი "თეთრი ჯგუფის" ლიდერთან შეხვედრაში
მიმდინარე წლის 28 აპრილს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი მატჩი გამართა - საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" მეხუთე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" მეორე გუნდს დედაქალაქში ესტუმრნენ.
ეროვნული ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" ერთპიროვნული ლიდერისა და ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლის შეხვედრა ვიტალი დარასელიას სახელობის თბილისის "დინამოს" აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. ხელოვნურ საფარზე ეროვნული ჩემპიონატის მატჩების ჩატარების პლიუს-მინუსებზე საუბარს ახლა ნამდვილად არ ვაპირებთ, თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ჯერ მხოლოდ პირველ ტაიმში სტუმრებს ორი იძულებითი ხასიათის ცვლილების (ნიკოლაძე, ჭაბუკიანი) განხორციელება მოუხდა, ხოლო მას შემდეგ რაც ტრავმა თორნიკე გრიგალაშვილმაც მიიღო, მატჩის დასკვნითი ნაწილი მათ ფაქტიურად კაცნაკლულებმა ჩაატარეს...
რაც შეეხება დინამოელთა ისედაც ძალიან სიმპატიურ კოლექტივს, ის ზესტაფონელთა წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ძირითადი გუნდიდან დამატებული რამდენიმე ფეხბურთელით საგანგებოდ გაძლიერდა. ანგარიში მე-7 წუთზე სწორედ პირველი "დინამოდან" "განათხოვრებულმა" ფეხბურთელმა, ექს-ზესტაფონელმა თორნიკე ახვლედიანმა გახსნა. აღსანიშნავია, რომ ამ ნიჭიერმა ფორვარდმა თავის ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა...
მთლიანობაში, თბილისელებმა პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარეს, თუმცა ბოლო 15 წუთი სტუმართა კარნახით წარიმართა და დროის სწორედ ამ მონაკვეთში იმერლებს ანგარიშში თანაფარდობის აღდგენა შეეძლოთ. გოლის გატანასთან ძალიან ახლოს ჯერ თორნიკე კაკუშაძე, შემდეგ კი გიგა ამბროლაძე იყვნენ, თუმცა გადამწყვეტი დარტყმები ორივეს არაზუსტი გამოუვიდა.
შეხვედრის მეორე ნახევარი, პირველის სადებიუტო ნაწილის მსგავსად, დინამოელთა კიდევ ერთი სწრაფი გოლით დაიწყო - 47-ე წუთზე ზესტაფონელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისევ თორნიკე ახვლედიანმა ისარგებლა. 53-ე წუთზე კი ნახევარმცველმა გიორგი ჩხეტიანმა მასპინძელთა უპირატესობა დიდამდე გაზარდა...
მატჩის დასკვნით ნაწილში თამაში შედარებით დამშვიდდა - დინამოელებმა აქცენტი მათთვის კომფორტული უპირატესობის შენარჩუნებაზე გააკეთეს, ფაქტობრივად რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა ზესტაფონელებმა თამაშის მიმდინარეობაში ვეღარაფერი შეცვალეს და საბოლოოდ, თბილისის "დინამოს" ძალიან შეთამაშებულმა და კარგმა გუნდმა დამსახურებული გამარჯვება, ანგარიშით 3-0 მოიპოვა.
|
28.04.2021. ”დინამო-2” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 3-0 |
"ზესტაფონი": მიქავა, ჭაბუკიანი (გრიგალაშვილი, 44), გელაშვილი, ხუჯაძე, ნიკოლაძე (მოსიძე, 28), კაკუშაძე (სირაძე, 51), გოგიჩაიშვილი (გაჩეჩილაძე, 51), საღარეიშვილი, ნანობაშვილი, ამბროლაძე (გოგობერიშვილი, 51), ხმელიძე.
დაწვრილებით:
|
შემდეგ მატჩს "ზესტაფონი" 5 მაისს გამართავს - ეროვნული ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" მეექვსე ტურის შეხვედრაში მარგველები ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ოდიში-1919"-ს უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება...
|