23.04.2021
"ზესტაფონი" სატურნირო ცხრილში წინ მიიწევს
2021 წლის 23 აპრილს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის მეოთხე ტურის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა დღემდე გამართული სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ მოასპარეზე ქედის საფეხბურთო კლუბ "ბეთლემს".
გუნდებმა შეხვედრა ფრთხილად დაიწყეს. მართალია, ბურთსა და ტერიტორიას თავიდანვე უმეტესად მასპინძლები აკონტროლებდნენ, თუმცა აჭარლები დაცვის ფაზაში ძალიან აკურატულად მოქმედებდნენ და ზესტაფონელებს საკუთარ კართან აშკარა საგოლე მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ...
საკუთარი კარის დაცვაზე ორიენტირებული ქედელების გეგმები პირველი ტაიმის მიწურულს აირია - 41-ე წუთზე, შეტევის მარცხენა ფლანგზე განვითარებული იმერელთა იერიში "ბეთლემის" საჯარიმოს მისადგომებიდან ლაშა ნანობაშვილის მოულოდნელი და, რაც მთავარია, სტუმართა გოლკიპერ ლევან კონცელიძისათვის აუღებელი დარტყმით დაგვირგვინდა...
თამაშის განახლების შემდეგ გამოჩნდა, რომ მასპინძლები უპირობოდ დაეუფლნენ ინიციატივას. ერთმანეთის მიყოლებით, გოლის გატანის რეალური შესაძლებლობები გიგა ამბროლაძეს, კობა გოგობერიშვილს და რამდენიმე ეპიზოდში ჯუბა ხმელიძეს მიეცათ, თუმცა აჭარლებს ხან მათივე კარის დარაჯი ევლინებოდათ მხსნელად, ხანაც მარგველთა შემტევებს აკლდებოდათ სიზუსტე...
ამდენი საგოლე შესაძლებლობის გაფლანგვის შემდეგ, კინაღამ ამოქმედდა საყოველთაოდ ცნობილი ერთი დაუწერელი საფეხბურთო კანონი და მატჩის მიწურულს გამარჯვებისა და 3 ქულის გადასარჩენად მთელი თავის ოსტატობის დემონსტრირება უკვე ზესტაფონელთა კიპერ ბაჩო მიქავას მოუხდა...
საბოლოოდ, მასპინძელთათვის ყველაფერი ბედნიერად დასრულდა, "ზესტაფონმა" მორიგი გამარჯვება, ისევ ანგარიშით 1-0 მოიპოვა და ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" მეოთხე ტურის მატჩების გამართვის შემდეგ, ზუგდიდის "ოდიში-1919"-თან ერთად (ორივე გუნდს აქტივში 10-10 ქულა აქვს) სატურნირო ცხრილის მეორე-მესამე პოზიციებს ინაწილებს. პირველ ადგილზე კი დღემდე უდანაკარგოდ მოასპარეზე თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" მეორე გუნდია მოკალათებული...
|
23.04.2021. ”ზესტაფონი” - ”ბეთლემი” (ქედა) 1-0 |
"ზესტაფონი": მიქავა, ნიკოლაძე, ხუჯაძე, გელაშვილი, კაკუშაძე (სირაძე, 70), ჭაბუკიანი, გოგიჩაიშვილი, საღარეიშვილი, ამბროლაძე (გოგობერიშვილი, 65), ნანობაშვილი (გაჩეჩილაძე, 70), ხმელიძე (სამხარაძე, 90).
დაწვრილებით:
|
შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 28 აპრილს გამართავს - საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" მეხუთე ტურის შეხვედრაში მარგველები სწორედ ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერს, თბილისის "დინამოს" მეორე გუნდს ესტუმრებიან. მატჩი თბილისში, "დინამოს" აკადემიაში გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება...
|