Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.04.2021

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" თასის გათამაშებას გამოეთიშა

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 18 აპრილს ”ზესტაფონმა” მორიგი ოფიციალური მატჩი გამართა - დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების რიგით მესამე, მეთექვსმეტედფინალური რაუნდის შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ლიგა-3-ს წარმომადგენელს, დუშეთის საფეხბურთო კლუბ "არაგვს" უმასპინძლა.

 

ზესტაფონში დღეს გამართული სათასო მეთექვსმეტედფინალი სტუმართა სწრაფი გოლით დაიწყო - მე-11-ე წუთზე "არაგვის" არცთუ სახიფათო შეტევა მასპინძლეთა საჯარიმოში უმისამართო გადაცემით დასრულდა, თუმცა 18 წლის გოლკიპერმა გიორგი აბრამიშვილმა (ის თავის გუნდის რიგებში დღეს სადებიუტო ოფიციალურ მატჩს ატარებდა) ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და დუშელმა თემურ ვაჩანძემ ის ცარიელ კარში მშვიდად შეაგორა...

 

ინიციატივას გაშვებულ გოლამდეც და მის შემდეგაც ზემოიმერლები ფლობდნენ. თამაში ძირითად სტუმართა ნახევარზე მიმდინარეობდა და მათ კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა, თუმცა მეტად საიმედოდ ირჯებოდა სტუმართა გოლკიპერი სანდრო ზუროშვილი, რომელმაც საკუთარი კარი რამდენიმე საგოლე სიტუაციაში იხსნა. ერთ-ერთ ეპიზოდში მასპინძლები 11-მეტრიანის დანიშვნასაც ითხოვდნენ, თუმცა ზუგდიდელმა არბიტრმა ალიკა მესხმა სტუმართა საჯარიმოში კობა გოგობერიშვილის წაქცევის ეპიზოდში წესის დარღვევა ვერ დაინახა.


მეორე ნახევრის დებიუტში ანგარიში მაინც გათანაბრდა - 49-ე წუთზე ივანე ჭაბუკიანის მახვილგონივრული გადაცემა მშვენივრად გამოიყენა ზესტაფონელთა ფორვარდმა ჯუბა ხმელიძე - ის ჯერ "არაგვის" მცველს გასცდა, შემდეგ კი სანდრო ზუროშვილს ძლიერი და აუღებელი დაურტყა...


ანგარიშში "სტატუს-ქვო"-ს აღდგენიდან ზუსტად ორ წუთში მოხდა ეპიზოდი, რომელმაც დღევანდელი მატჩის მიმდინარეობაზე გადამწვეტი ზეგავლენა მოახდინა - მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო მოედანი ნაადრევად დატოვა ზესტაფონელთა მცველმა დავით მოსიძემ. დუშელებმა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება 74-ე წუთზე მოახერხეს - გოლი ბექა ბეროშვილის ანგარიშზეა...


მატჩის დასკვნით ნაწილში ზესტაფონელებმა სტუმართა კართან ნამდვილი შტურმი მოაწყვეს - გოლის გატანის კარგი შესაძლებლობები ავთანდილ სირაძეს, ნოდარ გაჩეჩილაძეს, ჯუბა ხმელიძესა და ივანე ჭაბუკიანს მიეცათ, თუმცა თავის კარის დაცვაზე ორიენტირებულმა დუშელებმა მათთვის ხელსაყრელი შედეგის შენარჩუნება მაინც მოახერხეს. "არაგვის" გამარჯვება ანგარიშით 2-1.

 

18.04.2021. ”ზესტაფონი” - ”არაგვი” (დუშეთი) 1-2

"ზესტაფონი": აბრამიშვილი, ჭაბუკიანი, მოსიძე, ხუჯაძე, სირაძე, გრიგალაშვილი (ნანობაშვილი, 76), სამხარაძე (კაკუშაძე, 60), გაჩეჩილაძე, ამბროლაძე (გოგიჩაიშვილი, 60), გოგობერიშვილი, ხმელიძე.

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 23 აპრილს გამართავს - საქართველოს XXXIII-ე ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" მეოთხე ტურის შეხვედრაში მარგველები ქედის საფეხბურთო კლუბ "ბეთლემს" უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 13:30 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021