15.04.2021
ზესტაფონელთა სათასო ისტორია
კვირას, 18 აპრილს, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XXXII გათამაშების 1/16-ფინალური სტადიის მატჩს გამართავს - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ზემოიმერლები ეროვნული ლიგა-3-ს წარმომადგენელს, დუშეთის "არაგვს" უმასპინძლებენ.
მოგახსენებთ, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ზესტაფონელები მე-15-ედ მონაწილეობენ. საინტერესოა, რომ წინა 14 გათამაშებაში მარგველებმა 5-ჯერ მოახერხეს თასის ფინალში გასვლა და ერთხელ, 2007-2008 წლების გათამაშებაში, თასის მფლობელებიც გახდნენ. რაც შეეხება დანარჩენ, შედარებით წარუმატებელ გათამაშებებს, თასზე ასპარეზობას ჩვენი გუნდი ერთჯერ ნახევარფინალურ, 2-ჯერ მეოთხედფინალურ და 6-ჯერ უფრო ადრეულ სტადიაზე გამოეთიშა...
სადღეისოდ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში გამართული აქვს 79 მატჩი, რომელთაგან 46 დასრულდა მარგველთა გამარჯვებით, 17 შეხვედრა დასრულდა ფრედ, 16-ჯერ კი ზესტაფონელები დამარცხდნენ. ბურთების სხვაობაა 146-63 ზემოიმერელთა სასარგებლოდ.
ყველაზე ხშირად თასის გათამაშებაში მარგველებს თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ უთამაშიათ - ამ გუნდების გზები თასის 4 გათამაშებაში გადაკვეთილა და სადღეისოდ 8 შეხვედრას ითვლის. ასევე 4 დაპირისპირებას ითვლის იმერელთა სათასო დაპირისპირებათა ისტორია ბათუმის "დინამოსთან", იმ განსხვავებით, რომ ამ გუნდებს ერთმანეთში 6 მატჩი აქვთ ჩატარებული. თასის 3 გათამაშებაში შემდგარა ზესტაფონელთა "დუელები" რუსთაველებთან (6 მატჩი), თბილისურ "ამერთან", "ვიტ-ჯორჯიასთან" და ქუთაისის "ტორპედოსთან" (5-5 მატჩი).
აუცილებლად უნდა ითქვას სათასო შეხვედრებში ზესტაფონელთა საუკეთესო ბომბარდირთა შესახებ - საუკეთესო შედეგის მფლობელი სადღეისოდ გახლავთ ზურაბ იონანიძე, რომლის ანგარიშზეც მარგველთა მეტოქეთა კარში გატანილი 14 გოლია. მას სულ მცირედით ჩამორჩება გოგი ფიფია, რომლის პირადი მონაგარი 12 გოლს შეადგენს. 9 გოლის ავტორი გახლავთ ბექა გოცირიძე, ხოლო ჯაბა დვალს იმერელთა მეტოქეთა კარის ბადე 7-ჯერ აქვს შერხეული.
რაც შეეხება ეროვნული ლიგა 3-ს ბინადარ დუშეთის "არაგვთან" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ სათასო შეხვედრას, ის 18 აპრილს გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება...
|
16.05.2008. სწორედ ამ დღეს "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნულ თასს დაეუფლა |
|