10.04.2021
ჭაბუკები 35-ე სკოლელებს ესტუმრნენ
მიმდინარე წლის 10 აპრილს გაიმართა ჭაბუკთა გუნდებს შორის საქართველოს 2021 წლის ეროვნული ჩემპიონატის მორიგი შეხვედრები - თბილისში გამართულ "ვერცხლის ლიგის" შეხვედრებში ჩვენი კლუბის თხუთმეტწლამდელთა და ჩვიდმეტწლამდელთა გუნდები 35-ე საფეხბურთო სკოლის წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.
თავიდან "მარაკანას" სტადიონის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ხელოვნურსაფარიან მოედანზე 35-ე საფეხბურთო სკოლისა და "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა (მწვრთნელი - მალხაზ ღონღაძე) გუნდები გავიდნენ. სასტარტო 2 ტურში მოპოვებული გამარჯვებისა და განცდილი მარცხის შემდეგ, სტუმრები მოედანზე 3 ქულის მოსაპოვებლად შემართულები გავიდნენ და საბოლოოდ მიზნის მიღწევა მოახერხეს კიდეც.
სტუმრებმა თავიდანვე ხელთ იგდეს სათამაშო ინიციატივა და შესვენებამდე ანგარიშში საკმაოდ კომფორტული უპირატესობის შექმნაც მოახერხეს. ზესტაფონელები ბექა ლაბაძის გოლით მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ, შემდეგ კი 35-ე სკოლელთა კარში გატანილი ორი გოლით თავი ნიკოლოზ ჯამასპიშვილმა გამოიჩინა.
ასეთი პირველი ნახევრის შემდეგ, შეხვედრის მეორე ტაიმი შედარებით მშვიდად წარიმართა, გოლებიც აღარ გასულა და "ზესტაფონმა" მიმდინარე სეზონში რიგით მეორე გამარჯვება, ამჯერად ანგარიშით 3-0 გაიფორმა.
|
10.04.2021. U-15. ”35-ე საფეხბურთო სკოლა” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 0-3 |
"ზესტაფონი" (U-15): სარალიძე, ქურცაძე (სამადაშვილი, 62), ფუტკარაძე, სუხაშვილი (გრიშიკიანი, 58), ტ. ცხადაძე, კვანტიძე (ყენია, 62), გეწაძე, მღარიშვილი (ბერუაშვილი, 62), ბაბაიანი (ტ. ცხადაძე, 60), ლაბაძე (ჭულუხაძე, 55), ჯამასპიშვილი.
|
* * *
გაცილებით დაძაბული, დრამატულიც კი გამოდგა მასპინძელი 35-ე სკოლელებისა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა დაპირისპირება. შესვენებამდე ჩვენი გუნდის დამრიგებელ გიორგი მელიქიშვილს ორი იძულებითი ხასიათის ცვლილების განხორციელება მოუხდა - "მარაკანას" საკმაოდ უხარისხო ხელოვნურ საფარზე ჯერ ფორვარდი დადუ დადუნაშვილი გახდა გამოსაცვლელი, შემდეგ კი საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში გადასაყვანი გახდა "ზესტაფონის" კიდევ ერთი ფეხბურთელი მიხეილ ბორაშვილი...
შეხვედრა საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ ფრედ 3-3 დასრულდა. ჩვენი კლუბის ჩვიდმეტწლამდელთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ზაზა წამალაშვილმა, ვახო აბაკელიამ და გიორგი ონიანმა გამოიჩინეს. ზესტაფონელთათვის გადამწყვეტი, გამარჯვების გოლის გატანის შანსიც მიეცათ, თუმცა ზაზა წამალაშვილს 11 მეტრიდან შესრულებული საჯარიმო დარტყმა გაუცუდდა...
|
10.04.2021. U-17. ”35-ე საფეხბურთო სკოლა” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 3-3 |
"ზესტაფონი" (U-17): ბეჟიტაშვილი, მამაცაშვილი, ხვისტანი, ბორაშვილი (მელაძე, 30), სეხნიაშვილი, წამალაშვილი, დავითულიანი, წითელაური, ღუღუნიშვილი, დადუნაშვილი (ონიანი, 18), აბაკელია.
|
მორიგ შეხვედრებს "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდები აპრილის შუა რიცხვებში გამართავენ - 17 აპრილს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" U-15 გუნდი საჩხერის საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" წარმომადგენელ თანატოლებს ზესტაფონში უმასპინძლებს, ხოლო ამავე გუნდების ჩვიდმეტწლამდელთა დაპირისპირება 18 აპრილს თბილისში გაიმართება...
|