Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.04.2021

 

 

 

 

 

 

 

 

პირველი გასვლითი მატჩი და პირველი გამარჯვება

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 7 აპრილს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” პირველი გასვლითი მატჩი გამართა - საქართველოს XXXIII-ე ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" მეორე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები სართიჭალის საფეხბურთო კლუბ "შტურმს" საგარეჯოში ესტუმრნენ.

 

შეხვედრის საწყისი ნაწილი გუნდებმა ფრთხილად, დაზვერვის რეჟიმში გაატარეს. თანადათანობით ზესტაფონელთა ტერიტორიული უპირატესობა გამოიკვეთა - ბურთს უმეტესად სწორედ სტუმრები აკონტროლებდნენ, მასპინძლები კი თავიანთ შანსს სწრაფ კონტრიერიშებში ეძებდნენ. გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო ზესტაფონელი ივანე ჭაბუკიანი, რომელიც მასპინძელთა გოლკიპერ გიორგი აბჟანდაძესთან პირისპირ გავიდა, თუმცა "შტურმი" სწორედ კარის დარაჯმა გადაარჩინა...

ის, რის გაკეთებაც სტუმრებმა მატჩის პირველ ნახევარში ვერ მოახერხეს, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გამოცდილმა თორნიკე გრიგალაშვილმა ერთბაშად ორჯერ შეძლო - 47-ე წუთზე მან ლაშა ნანობაშვილის კარგი გადაცემა შეირგო, 55-ეზე კი თორნიკე კაკუშაძის დარტყმისა და მასპინძელთა მეკარის მოგერიების შემდეგ დამატება მოახერხა.

მოვლენათა ასეთ განვითარებს მასპინძლები არ დაუბნევია და 62-ე წუთზე მათ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს - ზუსტი დარტყმა თორნიკე ჭელიძის ანგარიშზეა. შეხვედრის დასკვნითი ნაწილში ვითარება ოდნავ დაიძაბა - მასპინძლები თამაშის გადარჩენას ლამობდნენ, სტუმრები კი კონტრშეტევებისას შექმნილ ხელსაყრელ მომენტებს ანიავებდნენ...

 

საბოლოოდ, დღევანდელი შეხვედრის არბიტრის ილია იზორიას საფინალო სასტვენამდე ანგარიში აღარ შეცვლილა და საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება, ანგარიშით 2-1 მოიპოვა.

 

07.04.2021. ”შტურმი” (სართიჭალა) - ”ზესტაფონი” 1-2

"ზესტაფონი": მიქავა, გრიგალაშვილი (ხმელიძე, 60), ჭაბუკიანი, გელაშვილი, ხუჯაძე, კაკუშაძე (სირაძე, 67), გოგიჩაიშვილი, საღარეიშვილი, გაჩეჩილაძე, ნანობაშვილი, ამბროლაძე (სამხარაძე, 77).

დაწვრილებით:

 

შემდეგ მატჩს "ზესტაფონი" 13 აპრილს გამართავს - ეროვნული ლიგა-4-ს მესამე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები "თეთრი ჯგუფის" ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ და სადღეისოდ სატურნირო ცხრილის ლიდერს, თბილისის საფეხბურთო კლუბ "იბერიას" უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021