30.03.2021
უგოლო ფრე ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში
მიმდინარე წლის 30 მარტს სტარტი აიღო საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირმა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონემა" ლიგა-4-ში წელს აღზევებულ ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მეორე გუნდს უმასპინძლა.
ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა მასპინძელთათვის მარტივი არ გამოდგა. ზესტაფონელთა თამაშს გარკვეული დაღი 4 დღის წინ გამართულმა სათასო შეხვედრამ დაასვა. მართალია, ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას სწორედ ზემოიმერლები ფლობდნენ, თუმცა ქუთაისელთა კართან აშკარა საგოლე მომენტები ნაკლებად იქმნებოდა...
და მაინც, პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში უნდა გახსნილიყო - შეხვედრის 41-ე წუთზე ქუთათურებმა საკუთარ საჯარიმოში ზესტაფონელთა თავდამსხმელი ჯუმბერ ხმელიძე წააქციეს, რის გამოც მატჩის არბიტრმა ალიკა მესხმა 11-მეტრიანი დანიშნა. ნიშნულთან თავად დაზარალებული მივიდა, თუმცა "ტორპედოს" ახალგაზრდა გოლკიპერი დავით ასათიანი ზესტაფონელი ფორვარდის როგორც უშუალოდ სტანდარტიდან დარტყმულს, ასევე მის განმეორებით მცდელობას გაუმკლავდა.
მეორე ტაიმი პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა - მასპინძლები აქტიურობდნენ და ბევრს, თუმცა უშედეგოდ, უტევდნენ, ხოლო ქუთაისელები ამ შეტევებს სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ. საბოლოოდ, დღევანდელი დაპირისპირება უგოლოდ 0-0 დასრულდა.
|
30.03.2021. ”ზესტაფონი” - ”ტორპედო-2” (ქუთაისი) 0-0 |
"ზესტაფონი": მიქავა, ჭაბუკიანი, ნიკოლაძე (გაჩეჩილაძე, 46), გელაშვილი, ხუჯაძე, კაკუშაძე, საღარეიშვილი, გოგიჩაიშვილი, გრიგალაშვილი (გოგობერიშვილი, 73), ნანობაშვილი (ამბროლაძე, 55), ხმელიძე.
დაწვრილებით:
|
შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 7 აპრილს გამართავს - საქართველოს XXXIII-ე ეროვნული ჩემპიონატის ტურის შეხვედრაში მარგველები საფეხბურთო კლუბ "შტურმს" ესტუმრებიანნ. მატჩი საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება...
ფოტომასალა მოწოდებულია ვახო ლაბაძის მიერ |