27.03.2021
ჭაბუკები ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთვნენ
მიმდინარე წლის 27 მარტს გამართული ორი მატჩით საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდები საქართველოს 2021 წლის ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთვნენ. ჩვენი კლუბის თხუთმეტწლამდელთა და ჩვიდმეტწლამდელთა გუნდებს პირველობის სასტარტო შეხვედრებში თბილისის "ვიტ-ჯორჯიის" წარმომადგენელი თანატოლები დაუპირისპირდნენ.
დასაწყისში უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ სფფ-ს მიერ ჩატარებულ ჭაბუკთა შორის ეროვნული მასშტაბის ტურნირებში ჩვენი კლუბი მიმდინარე სეზონში ისევ 2 გუნდით (U15 და U17) იქნება წარმოდგენილი. 17-წლამდელთა გუნდი (მწვრთნელი - გიორგი მელიქიშვილი) საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის აკადემიას წარმოადგენს, რაც შეეხება 15-წლამდელებს, გუნდის ძირითად ბირთვს 2006 წელს დაბადებული ზესტაფონელი ჭაბუკები (მწვრთნელი - მალხაზ ღონღაძე) წარმოადგენენ, თუმცა მათთან ერთად ჭაბუკთა ლიგაში ჩვენს საკლუბო ფერებს თბილისის ზღვის აკადემიის U15 გუნდის (მწვრთნელი - გურამ დოლიძე) რამდენიმე აღსაზრდელიც დაიცავს...
წლევანდელი ტურნირის დებულების თანახმად, "ზესტაფონის" ორივე გუნდი "ვერცხლის ლიგის" ცენტრალურ, "ბ" ჯგუფში ითამაშებს. 15-წლამდელები თბილისურ "ვიტ-ჯორჯიასთან", "გლდანთან", "35-ე სკოლასთან", გორის "დილასთან", საფეხბურთო კლუბ "გაგრასთან" და საჩხერის "ჩიხურასთან" ერთად იასპარეზებენ. 17-წლამდელებთან კი, ზემოთნახსენებ ოპონენტებთან ერთად, დუშეთის "არაგველებიც" იასპარეზებენ. "ოქროს ლიგაში" დასაწინაურებლად ბრძოლას ერთწრიანი ტურნირის შედეგად ჯგუფში 1-3 ადგილებზე გასული გუნდები გააგრძელებენ...
* * *
ჭაბუკთა ლიგის "ზესტაფონელთათვის" სასტარტო შეხვედრებს "მცხეთა-პარკმა" უმასპინძლა. როგორც გითხარით, გადაწყვეტილება თხუთმეტწლამდელების ზესტაფონურ-თბილისური გუნდის ჩამოყალიბების შესახებ სულ ახლახან იქნა მიღებული და "ვიტ-ჯორჯიასთან" დღევანდელი დაპირისპირება ამ ფორმაციის კოლექტივისთვის სადებიუტო მატჩი გახლდათ.
ამის მიუხედავად, სტუმრებმა თავიდანვე ხელთ იგდეს ინიციატივა და შესვენებამდე დაწინაურებაც მოახერხეს. პირველ ნახევარში გატანილი ერთადერთი გოლი ბექა ლაბაძის ანგარიშზეა. მეორე ტაიმის დებიუტში კი მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს - გოლი თბილისელი საბა მუკმანიანმა გაიტანა.
ამის შემდეგ მოვლენები უკვე ჩვენი გუნდის სრული კარნახით განვითარდა - 54-ე წუთზე ლევან ბაბაიანმა წინ ისევ "ზესტაფონი" გაიყვანა, 67-ზე ნიკოლოზ ჯამასპიშვილმა სტუმართა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, 79-ე წუთზე კი დღევანდელი შეხვედრის საბოლოო ანგარიში გაგა ფუტკარაძის ზუსტი დარტყმის შემდეგ დაფიქსირდა - "ზესტაფონის" სასტარტო გამარჯვება დიდი ანგარიშით 4-1.
|
27.03.2021. U-15. ”ვიტ-ჯორჯია” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 1-4 |
"ზესტაფონი" (U-15): სარალიძე, ქურცაძე (სამადაშვილი, 58), ფუტკარაძე, გრიშიკიანი (ყენია, 68), ცხადაძე, კვანტიძე, გეწაძე (ბჟალავა, 68), მღარიშვილი, ბაბაიანი (კვეტენაძე, 68), ლაბაძე (ბერუაშვილი, 68), ჭულუხაძე (ჯამასპიშვილი, 41).
|
* * *
გაცილებით დაძაბული გამოდგა მასპინძელი "ვიტ-ჯორჯიისა" და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა დაპირისპირება. მასპინძლებმა შეხვედრის პირველი ნახევარი მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგეს - გოლი გიორგი სოზიაშვილის ანგარიშზეა.
გოლის გაშვების შემდეგ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას სტუმართა გუნდი დაეუფლა და 60-ე წუთზე დადუ დადუნაშვილმა ანგარიშში თანაფარდობის აღდგენა მოახერხა. მატჩის მიწურულს "ზესტაფონისთვის" გამარჯვების მომტანი გოლის გატანა ვახო აბაკელიას შეეძლო, თუმცა "ვიტ-ჯორჯია" ამ გუნდის გოლკიპერის სასწაულებრივმა რეაქციამ გადაარჩინა. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.
|
27.03.2021. U-17. ”ვიტ-ჯორჯია” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 1-1 |
"ზესტაფონი" (U-17): ბეჟიტაშვილი, მამაცაშვილი, ბორაშვილი, პირველი, სეხნიაშვილი, წამალაშვილი, ხვისტანი (დადუნაშვილი,46), ონიანი, ღუღუნიშვილი (დავითულიანი, 46), წითელაური, აბაკელია.
|
შემდეგ შეხვედრებს "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდები აპრილის პირველ რიცხვებში გამართავენ - 3 აპრილს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" U-15 გუნდი თბილისის საფეხბურთო კლუბ "გლდანის" წარმომადგენელ თანატოლებს ზესტაფონში უმასპინძლებს, ხოლო ამავე გუნდების ჩვიდმეტწლამდელთა დაპირისპირება 4 აპრილს თბილისში გაიმართება... |