Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

26.03.2021

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" კიდევ ერთი სათასო წარმატება

 

 

 

 

 

2021 წლის 26 მარტს ”ზესტაფონმა” ახლადდაწყებული სეზონის მორიგი ოფიციალური მატჩი გამართა - დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების მეორე, 1/32-ფინალური რაუნდის შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ლიგა-3-ს წარმომადგენელს, თბილისის საფეხბურთო კლუბ "მერანის" მეორე გუნდს უმასპინძლა.

 

მეტოქეებმა დღევანდელი სათასო შეხვედრა ფრთხილად, ერთმანეთის დაზვერვით დაიწყეს. ბურთსა და ტერიტორიას მეტწილად მასპინძლები აკონტროლებდნენ, რაც შეეხება სტუმართა გუნდს, ისინი თავის შანსის პოვნას სწრაფ კონტრაქციებში ცდილობდნენ. ერთ-ერთი ასეთი კონტრიერიშისას ანგარიშიც გაიხსნა - 31-ე წუთზე ზესტაფონელთა დაცვის ხაზის მიერ დაშვებული შეცდომით კარგად ისარგებლა თბილისელმა ცოტნე ჩიქოვანმა და იმერელთა გოლკიპერ ბაჩო მიქავას აუღებელი დაურტყა...

ამის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და თბილისელთა კართან ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა. თუმცა, პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა. მეორე ნახევრის 67-ე წუთზე კი სტუმართა კართან დაინიშნა კუთხური, რომლის კარგად გათამაშების შემდეგ საჯარიმოში ყველას ზესტაფონელმა მცველმა გიორგი ხუჯაძემ დაასწრო და ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა და დღევანდელი შეხვედრის არბიტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა გუნდებს თამაში, სათასო დებულების თანახმად, დამატებით დროში გააგრძელებინა. პირველი დამატებითი ტაიმის დაწყებისთანავე (93-ე წუთი) მასპინძლებმა დაწინაურება მოახერხეს - გოლი მიითვალა ლაშა ნანობაშვილმა, რომლის საჯარიმო დარტყმის შემდეგ თბილისელთა კარის დარაჯმა გიორგი უგრეხელიძემ საკუთარი გუნდის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

 

სამაგიეროდ, თბილისური კლუბის გოლკიპერმა იმარჯვა შემდეგი ეპიზოდისას, როდესაც მისი კარის მიმართულებით დანიშნული და ჯუბა ხმელიძის მიერ შესრულებული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის მოგერიება შეძლო. საბოლოოდ, საინტერესო მოვლენებით დახუნძლული დღევანდელი მატჩი ზესტაფონელთა დამსახურებული გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა.


ამ გამარჯვებით ზემოიმერლებმა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მესამე, 1/16-ფინალური რაუნდის საგზური მოიპოვეს. მესამე ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქის ვინაობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უახლოეს მომავალში გასამართი კენჭისყრა გააკვევს...

 

26.03.2021. ”ზესტაფონი” - ”მერანი-2” (თბილისი) 2-1 (დამატებით დროში)

"ზესტაფონი": მიქავა, ჭაბუკიანი, ნიკოლაძე, გელაშვილი, ხუჯაძე, სირაძე (კაკუშაძე, 53), გაჩეჩილაძე (საღარეიშვილი, 82), გოგიჩაიშვილი, ნანობაშვილი, ამბროლაძე (გრიგალაშვილი, 67), ხმელიძე.

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 30 მარტს გამართავს - საქართველოს XXXIII-ე ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო, პირველი ტურის შეხვედრაში მარგველები ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ეროვნულ ლიგა-4-ში წელს აღზევებულ მეორე გუნდს უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება...

 

 

ფოტომასალა მოწოდებულია ვახო ლაბაძის მიერ
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021