Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

19.03.2021

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ ლევან ჯოხაძესთან

გაჩერებულ, დამდგარ "ზესტაფონს" ვერ ნახავთ!

 

 

 

 

 

საქართველოს ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი "ზესტაფონი" ახალ სეზონში განახლებული შემადგენლობით ითამაშებს. გასული სეზონი იმერულ კლუბს ისეთი ვერ გამოუვიდა, როგორიც მის ერთგულ გულშემატკივარს სურდა. სეზონის მეორე ნახევარში "ზესტაფონს" სათავეში ლევან ჯოხაძე ჩაუდგა და მისი დიდი დამსახურებაა, გუნდმა მეოთხე ლიგაში ადგილის შენარჩუნება რომ შეძლო.


ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულ ზესტაფონში იმედი აქვთ, რომ მომავალი სეზონი გუნდისთვის წარმატებული იქნება და "ზესტაფონი" მესამე ლიგის საგზურს მოიპოვებს. მეოთხე ლიგა კი მალე აიღებს სტარტს. ორი 10-გუნდიანი ჯგუფიდამ მესამე ლიგაში აღზევებისათვის ბრძოლას თითო ჯგუფიდან ხუთი საუკეთესო გააგრძელებს. გუნდებს მხოლოდ მათთან ერთად აღზევებულ მეტოქეებთან მოგროვილი ქულები გადაჰყვებათ. 10 გუნდი ორ წრედ ითამაშებს დასკვნით ტურნირს და ლიგა 3-ში 4 საუკეთესო აღზევდება.

 

"ზესტაფონმა" მოსამზადებელი პერიოდი დაასრულა, ამხანაგურ შეხვედრებში კარგი თამაში და შედეგები აჩვენა, ახლა კი მთავარი გამოწვევების დროს დგება. 22 მარტს მარგველები თასის გათამაშებაში ჩაებმებიან და თბილისურ "გლდანთან" ისპარინგებენ, მერე კი, ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში, ქუთაისის "ტორპედო 2-ს" დაუხვდებიან.

 

"ლელო" "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელ ლევან ჯოხაძეს ესაუბრა. ვფიქრობთ, ამით დავაკმაყოფილებთ ზესტაფონის მრავალრიცხოვან გულშემატკივართა ცნობისმოყვარეობას...

 

გეგმის მიხედვით...

 

- შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მოსამზადებელი პერიოდი გეგმის მიხედვით გავიარეთ. კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან საამისოდ ყველა პირობა იყო შექმნილი. ცოტა შეგვაფერხა მეტეოროლოგიურმა პირობებმა. ერთი ამხანაგური შეხვედრა ამოგვივარდა გრაფიკიდან ამის გამო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დიდი პრობლემა. ვფიქრობ, შევძელით ჩვენი ჩანაფიქრი გადაგვეტანა მინდორზე. დანარჩენი უშუალოდ სეზონის მიმდინარეობისას გამოჩნდება. "ზესტაფონი" მზადაა. ამის თქმა ნამდვილად შემიძლია.


...ასეთი მეტოქეები შეგნებულად შევარჩიეთ

 

- მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში 6 ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ. შეგნებულად შევარჩიეთ ძირითადად ისეთი მეტოქეები, რომლებიც ჩვენზე რანგით მაღალ ლიგებში თამაშობენ. შედეგები ამ შეხვედრებში არ იყო პრიორიტეტული, მაგრამ არც ურიგო იყო და, ერთი მხრივ, ეს გასახარია. მთავარი მიზანი მაინც ტაქტიკურ ნიუანსებზე ყურადღების გამახვილება გახლდათ.

 

ფორმის პიკს მეორე-მესამე ტურისთვის უნდა მივაღწიოთ

 

- ძალიან კარგია, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ვერთვებით თასის გათამაშებაში. ეს ფეხბურთელებს დაეხმარებათ იმაში, რომ ტონუსში შეხვდნენ ჩემპიონატის სტარტს. ამასთან, რაც შორს წავალთ თასზე, მით მეტი თამაში მოგვიწევს. გუნდში არაერთი ახალი ფეხბურთელია და ეს მეტად მნიშვნელოვანია შეთამაშების კუთხით.

 

მიზანი მესამე ლიგაში გადასვლაა

 

- "ზესტაფონი" ქართულ საფეხბურთო სინამდვილეში განსაკუთრებული კლუბია. ზესტაფონი არის ქალაქი, სადაც უზომოდ უყვართ ფეხბურთი. კლუბის ხელმძღვანელობა მიზნად მესამე ლიგაში გადასვლას გვისახავს და მეც ასე ვარ განწყობილი. კიდევ ერთხელ ვამბობ - ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი, გუნდი გავაძლიერეთ და შედეგიც შესაბამისი უნდა იყოს. კარგად მესმის, მესამე ლიგაც არ არის ის, რაც ეკუთვნის "ზესტაფონის" ქომაგს, მაგრამ წინ ეტაპობრივად უნდა ვიაროთ.

 

ფორმატსა და კონკურენტებზე...

 

- ჩემი აზრით, ფეხბურთში არ არსებობს იდეალური ფორმატი. კონკრეტულად ამ ფორმატს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ურიგო ნამდვილად არ არის. 4 გუნდი გადადის ლიგა 3-ში და ეს ყველასთვის შანსია. რაც შეეხება კონკურენტებს, ყველა მეტოქეს უდიდეს პატივს ვცემ. "ზესტაფონი" ნებისმიერ მათგანს ბოლომდე დააფასებს. ფეხბურთში სხვანაირად ვერ წარმომიდგენია.

 

ყველაფერი უშუალოდ მინდორზე წყდება...

 

- სეზონის სტარტი ყოველთვის რთულია. ზემოთაც ვთქვი, ამხანაგურ შეხვედრებში დავუპირისპირდით რანგით მაღალი ლიგის კლუბებს. "გლდანი" ჩვენზე დაბალ ლიგაში ასპარეზობს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ყველაფერი უშუალოდ მინდორზე წყდება. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, რათა წარმატებით ვითამაშოთ როგორც თასზე, ისე ჩემპიონატში.

 

გაჩერებულ, დამდგარ "ზესტაფონს" ვერ ნახავთ!

 

- "ზესტაფონის" გულშემატკივარი ცალკე თემაა. არათუ თამაშებზე, ვარჯიშებზეც კი ვგრძნობთ მათგან მხარდაჭერას. მე ამ ადამიანებს, რომელთაც უსაზღვროდ უყვართ ფეხბურთი, შემიძლია დავპირდე - ისინი ვერასოდეს ნახავენ მინდორზე გაჩერებულ, დამდგარ "ზესტაფონს". გუნდი ბოლომდე იბრძოლებს ნებისმიერ ეპიზოდში.

 

* * *

ახლა "ზესტაფონის" შემადგენლობაზეც ვთქვათ. გუნდში ისევ იასპარეზებენ - მეკარე ბაჩო მიქავა, მცველები -  ავთანდილ სირაძე, გიორგი ხუჯაძე, დავით ჩხიკვაძე და დავით მოსიძე, ნახევარმცველები - გიორგი სამხარაძე, ნოდარ გაჩეჩილაძე,  კობა გოგობერიშვილი,  ლაშა ნანობაშვილი და "ზესტაფონის" ლეგენდა, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი - ჯაბა დვალი.

 

ახლა ახალწვეულებზე. "ზესტაფონის" ღირსებას დაიცავს 18 წლის მეკარე გიორგი აბრამიშვილი, ვინც საკლუბო აკადემიის აღზრდილია, თუმცა მარტვილის "მერანისა" და ქუთაისის "ტორპედოს" ასაკობრივ გუნდებშიც უასპარეზია...

 

დაცვის ხაზში - გამოცდილი ექსმარტვილელი, 30 წლის თორნიკე კაკუშაძე, წარსულში "ზუგდიდისა" და ტყიბულის "მეშახტის" მოთამაშე, 26 წლის ბაკურ ნიკოლაძე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისა და ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელი, 24 წლის ზურაბ გელაშვილი და გამოცდილი ექსბოლნისელი ივანე ჭაბუკიანი.

 

ნახევარდაცვაში - წინა სეზონში მარტვილის "მერანის" კიდევ ერთი წარმომადგენელი, 25 წლის ირაკლი საღარეიშვილი და 26 წლის გოგი გოგიჩაიშვილი, რომელსაც ზურგს "გურიასა" და "სამგურალში" თამაშის გამოცდილება უმაგრებს. აქ არის "ზესტაფონის" აღზრდილი, საქართველოს ექსჩემპიონი თორნიკე გრიგალაშვილიც, ვისაც არაერთი ქართული კლუბის ღირსება დაუცავს...

 

თავდამსხმელებს შორის ვნახავთ - 30 წლის გიგა ამბროლაძეს, რომელიც ბოლოს "სამგურალში" ასპარეზობდა, და 22 წლის პერსპექტიულ ფორვარდ ჯუმბერ ხმელიძე, რომლის ბოლო კლუბი ჩოხატაურის "ბახმარო" იყო.

 

"ზესტაფონის" საკლუბო აკადემია ნაყოფიერად მუშაობს თბილისის ზღვაზე, საიდანაც გუნდს სამი გამორჩეული ჭაბუკი შეუერთდა - ვახტანგ აბაკელია, ბექა პირველი და გიორგი მამაცაშვილი.

სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021