10.03.2021
საკონტროლო მატჩი ლანჩხუთის "გურიასთან"
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. მიმდინარე წლის 10 მარტს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარე გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემიის მოედანზე ჩვენი გუნდი ეროვნული ლიგა 3-ის წარმომადგენელს, ლანჩხუთის "გურიას" დაუპირისპირდა.
დღევანდელ სპარინგ-შეხვედრას ზემოიმერლები გარკვეული საკადრო დანაკლისით შეხვდნენ - ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხასიათის პრობლემის გამო გურულებთან დაპირისპირებაში საკუთარ გუნდს თორნიკე კაკუშაძე და ჯუბა ხმელიძე ვერ ეხმარებოდნენ...
"გურიასთან" მატჩი "ზესტაფონმა" ასეთი შემადგენლობით დაიწყო: მიქავა, სირაძე, გელაშვილი, ნიკოლაძე, მოსიძე, ჭაბუკიანი, გოგიჩაიშვილი, საღარეიშვილი, ნანობაშვილი, ამბროლაძე, გოგობერიშვილი. მეორე ტაიმში ზესტაფონელთა რიგებში მოედანზე აბრამიშვილი, ჩხიკვაძე, ხუჯაძე, გრიგალაშვილი, ბაღიშვილი, სამხარაძე, გაჩეჩილაძე, ცქიფურიშვილი, პირველი, აბაკელია და მამაცაშვილი გამოვიდნენ...
მატჩი დაძაბულად, ორმხრივ იერიშებში წარიმართა. ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე, მეტად კურიოზულ ვითარებაში გაიხსნა - ლანჩხუთელთა მცველისა და მეკარის შეუთანხმებელი თამაშის შედეგად გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემიის ტრიბუნაზე მყოფმა გულშემატკივარმა საკმაოდ მოულოდნელი გოლი იხილა...
მეორე ტაიმში სტუმართა შემადგენლონა ფაქტიურად მთლიანად შეიცვალა, თუმცა ამას მოედანზე მიმდინარე მოვლენებზე დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია - სტუმრები მშვიდად აკონტროლებდნენ თამაშის მიმდინარეობას, დაცვის ფაზაშიც საკმაოდ საიმედოდ გამოიყურებოდნენ. საბოლოო წერტილი დღევანდელ გურულ-იმერულ "რანდევუს" კი მატჩის მიწურულს გამოცდილმა დავით ჩხიკვაძემ დაუსვა - მისი არცთუ აუღებელი დარტყმული მასპინძელთა გოლკიპერისათვის "ფატალური" გამოდგა. "ზესტაფონის" გამარჯვება ანგარიშით 2-0.
|