Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

03.03.2021

 

 

 

 

 

 

 

 

ამხანაგური მატჩი "ოდიშთან"

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 3 მარტს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას იმერეთში განაგრძობს, კიდევ ერთი, რიგით მეოთხე ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ეროვნული ლიგა 4-ის წარმომადგენელს, ზუგდიდის "ოდიში-1919"-ს უმასპინძლეს.

 

მატჩის დაწყებისთანავე, ზესტაფონის სპორტული კომპლექსის მწვანე მინდორზე სანახაობრივი, შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთი გაჩაღდა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა იმერლებმა ნოდარ გაჩეჩილაძისა და ჯუბა ხმელიძის გოლებით მალევე უპასუხეს და შეხვედრის 5-ე წუთისთვის ანგარიში უკვე 2-1 გახლდათ.

 

ამის შემდეგ სათამაშო დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში გუნდებმა გოლები გაცვალეს - მასპინძელი კობა გოგობერიშვილის გოლს ზუგდიდელთა კიდევ ერთი წარმატებული იერიში მოყვა. პირველი ტაიმის ბოლომდე არბიტრმა ირაკლი შენგელიამ კარის აღება კიდევ 2-ჯერ დააფიქსირა, თუმცა გოლები უკვე მხოლოდ სტუმართა კარში გადიოდა - ჯერ ჯუბა ხმელიძემ გაისროლა შორიდან, შემდეგ კი იმერელთა სახიფათო იერიშის შემდეგ სტუმრებმა ბურთი საკუთარი კარის ბადეში ჩაჭრეს...

 

შესვენებისას ზესტაფონელებმა შემადგენლობა თითქმის მთლიანად გამოცვალეს, თუმცა ამას თამაშის მიმდინარეობაზე დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია. მასპინძლები ისევ ბევრს უტევდნენ და სტუმართა კარი, პირველის მსგავსად, მეორე ნახევარშიც ხუთჯერ აიღეს - გატანილი გოლები ივანე ჭაბუკიანის, გიგა ამბროლაძის, ჯუბა ხმელიძის, ჩვენი კლუბის თბილისის ზღვის აკადემიიის აღსაზრდელის 16 წლის ვახო აბაკელიასა და ლაშა ნანობაშვილის ანგარიშზეა. საბოლოოდ, მატჩის არბიტრის საფინალო სასტვენმა ზემოიმერელთა გამარჯვება არასაფეხბურთო ანგარიშით 10-2 დააფიქსირა.

 

ზუგდიდელებთან შეხვედრაში "ზესტაფონის" სასტარტო შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: აბრამიშვილი, ჩხიკვაძე, მოსიძე, ნიკოლაძე, ხუჯაძე, სირაძე, ბაღიშვილი, სამხარაძე, გაჩეჩილაძე, გოგობერიშვილი, ხმელიძე. მეორე ტაიმში კი მასპინძელთა რიგებში მიქავა, ჭაბუკიანი, გელაშვილი, გოგიჩაიშვილი, საღარეიშვილი, ნანობაშვილი, ამბროლაძე, აბაკელია, მამაცაშვილი და პირველი გამოჩნდნენ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021