2 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2021 წლის გათამაშების პირველი ორი რაუნდის კენჭისყრა გაიმართა - პირველი ეტაპის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი“ რეგიონული ლიგის წარმომადგენელს, საფეხბურთო კლუბ "გლდანს" დაუპირისპირდება.
დღევადელ წილისყრაში მონაწილეობა ეროვნული ლიგა 4-ის ოცმა, რეგიონული ლიგისა და ეროვნული ლიგა 3-ის თოთხმეტ-თოთხმეტმა გუნდმა მიიღო. საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების პირველი ეტაპის მატჩები 22-23 მარტს გაიმართება. რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეორე ეტაპს, იქ პირველი ეტაპის 24 გამარჯვებული გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდება.
კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ თასის გათამაშების პირველ ეტაპზე (1/64-ფინალური სტადია) საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი“ თბილისის კლუბ "გლდანს" დედაქალაქში ესტუმრება. ეს მატჩი 22 მარტს გაიმართება. მეორე ეტაპზე კი ამ წყვილში გამარჯვებულს ურთიერთობების გარკვევა სოხუმის "ცხუმი"- თბილისის "მერანი-2"-ს წყვილში გამარჯვებულ გუნდთან მოუწევს...
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ 12 გუნდს კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 20 გუნდიც შეუერთდება და 2021 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასისთვის ბრძოლას 32 გუნდი განაგრძობს...