01.03.2021
ჩემპიონატის დებულება და ლიგა 4-ის კალენდარი
სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებაში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 4-ის 2021 წლის გათამაშების კენჭისყრის პროცედურა, რომლის შედეგების გათვალისწინებით კარსმომდგარი ტურნირის კალენდარი იქნა შემუშავებული.
ტურნირის ჩატარების დამტკიცებული დებულების მიხედვით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" მეტოქეობას თბილისური გუნდები "ვიტ-ჯორჯია-2", "დინამო-2" და "იბერია", სართიჭალის "შტურმი", ქედის "ბეთლემი", ჩხოროწყუს "სამეგრელო", ქუთაისის "ტორპედო-2", ზუგდიდის "ოდიში-1919" და რეგიონული ლიგის "ბ" ჯგუფში მეორე ადგილზე გასული გუნდი გაუწევენ...
აქვე გვინდა ეროვნული ჩემპიონატის დებულების ტექსტიდან რამდენიმე საინტერესო ამონარიდი შემოგთავაზოთ: "პირველ ეტაპზე ჯგუფებში გუნდები ითამაშებენ ორ წრედ (18 მატჩი). გათამაშების მეორე ეტაპზე „წითელი“ და „თეთრი“ ჯგუფის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ადგილზე გასული გუნდები შეადგენენ 10-გუნდიან ჯგუფს პირობითი სახელით „ზედა ჯგუფი“, ხოლო „წითელი“ და „თეთრი“ ჯგუფის მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 ადგილზე გასული გუნდები შეადგენენ 10-გუნდიან ჯგუფს პირობითი სახელით „ქვედა ჯგუფი“.
გათამაშების მეორე ეტაპზე „ზედა“ და „ქვედა“ ჯგუფში მოხვედრილ გუნდებს გადაყვებათ მხოლოდ ისეთ გუნდებთან მოპოვებული ქულები, რომლებიც გათამაშების ორივე ეტაპზე ერთ ჯგუფს წარმოადგენდნენ. გათამაშების მეორე ეტაპი „ზედა“ და „ქვედა“ ჯგუფში გაიმართება ორ წრედ (10 მატჩი) გუნდები დაუპირისპირდებიან მხოლოდ იმ გუნდებს, რომლებიც გათამაშების პირველ ეტაპზე არ იყვნენ მათი თანაჯგუფელები.
„ზედა“ ჯგუფის 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-4 ადგილზე გასული გუნდები ავტომატურად მოიპოვებენ ლიგა 3-ის საგზურს. „ქვედა ჯგუფის“ მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 ადგილზე გასულები გუნდები დატოვებენ ლიგა 4-ს და გადაინაცვლებენ რეგიონულ ლიგაში, ხოლო რეგიონული ლიგის გათამაშებიდან ლიგა 4-ის საგზურს მოიპოვებს 2 გუნდი და 2022 წლის ლიგა 4-ის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს 16 გუნდი"...
სეზონი ზესტაფონელთათვის 22 ან 23 მარტს დაიწყება - ჩვენი გუნდი დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში ჩაერთვება (კონკრეტული თარიღი და მეტოქის ვინაობა სფფ-ში უახლოეს პერიოდში გასამართი კენჭისყრის პროცედურის შედეგად გაირკვევა).
რაც შეეხება 2021 წლის ჩემპიონატს, ის ზესტაფონელთათვის 30 მარტს დაიწყება - ამ დღეს "ზესტაფონი" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მეორე გუნდს უმასპინძლებს, 7 აპრილს კი აღმოსავლეთ საქართველოს ესტუმრება და საფეხბურთო კლუბ "შტურმს" დაუპირისპირდება.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის 2021 წლის გათამაშების პირველი წრის კალენდრის სრული ვერსია ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ (დაწვრილებით:).
|