27.02.2021
მარგველთა სპარინგი ფოთელებთან
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 27 თებერვალს ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის წარმომადგენელ ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლეს.
ზღვისპირელებთან შეხვედრაში "ზესტაფონის" სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: მიქავა, ჭაბუკიანი, მოსიძე, ნიკოლაძე, გელაშვილი, კაკუშაძე, გოგიჩაიშვილი, საღარეიშვილი, გაჩეჩილაძე, ნანობაშვილი, ხმელიძე. მეორე ტაიმში კი მოედანზე შემდეგი თერთმეტეული გავიდა: აბრამიშვილი, ჩხიკვაძე, მოსიძე, გაჩეჩილაძე, ხუჯაძე, სირაძე, ბაღიშვილი, სამხარაძე, ცქიფურიშვილი, გოგობერიშვილი, ხმელიძე. გარდა ამისა, თამაშის მსვლელობისას მასპინძელთა რიგებში მოედანზე გრიგალაშვილი და მამაცაშვილი გამოჩნდნენ...
მატჩი საინტერესოდ, ორმხრივ იერიშებში წარიმართა და საბოლოოდ, ეროვნული ჩემპიონატის უფრო მაღალ საფეხურზე მყოფი სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა. გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ზღვისპირელთა კოლუმბიელმა ლეგიონერმა ხუან ვარგასმა (2-ჯერ) და ნიკა კვანტალიანმა გამოიჩინეს. რაც შეეხება მასპინძლებს, მათი მხრიდან ერთი საპასუხო დარტყმა ჯუმბერ ხმელიძის აქტიურობას მოყვა - იმერელთა ფორვარდთან ორთაბრძოლისას ერთ-ერთმა ფოთელმა მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა...
მორიგ ამხანაგურ მატჩს ჩვენი გუნდი 3 მარტს გამართავს - ამჯერად ზესტაფონს ლიგა 4-ში მოასპარეზე ზუგდიდის საფეხბურთო კლუბი "ოდიში-1919" ეწვევა...
|