20.02.2021
საკონტროლო მატჩი ქუთაისის "ტორპედოსთან"
საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ეროვნული ლიგა-4-ის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს, მიმდინარე წლის 20 თებერვალს კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ქუთაისის ახლადგახსნილი სარაგბო კომპლექსის ერთ-ერთ მოედანზე გამართულ შეხვედრაში მარგველები Crystalbet ეროვნული ლიგის წარმომადგენელს, ადგილობრივ "ტორპედოს" დაუპირისპირდნენ.
მატჩი დაძაბულად, ორმხრივ იერიშებში წარიმართა და საკმაოდ სანახაობრივიც გამოდგა. თამაშის მსვლელობისას გუნდებმა ერთმანეთის კართან არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმის პირველი ნაწილიც დაძაბულ ორთაბრძოლაში და ისევ "მშრალად" წარიმართა, გოლები კი მხოლოდ შეხვედრის დასკვნით ნაწილში გავიდა - რანგით უფრო მაღალ ლიგაში მოასპარეზე ქუთაისელები ჯერ ალჟირელმა ლეგიონერმა მეჰდი ბოუკასიმ დააწინაურა, შემდეგ კი ზესტაფონელთა კარში დანიშნული 11-მეტრიანი გოლად თამაზ შარვაშიძემ აქცია. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელთა გამარჯვება ანგარიშით 2-0.
ქუთათურებთან შეხვედრა "ზესტაფონმა" ასეთი შემადგენლობით დაიწყო: აბრამიშვილი, ჩხიკვაძე, მოსიძე, ნიკოლაძე, ხუჯაძე, სირაძე, ბაღიშვილი, სამხარაძე, გაჩეჩილაძე, ხმელიძე, გოგობერიშვილი. მეორე ტაიმში ზესტაფონელთა რიგებში მოედანზე მიქავა, გელაშვილი, გოგიჩაიშვილი, საღარეიშვილი, ჭაბუკიანი, ცქიფურიშვილი, ამბროლაძე, აბაკელია, მამაცაშვილი, პირველი და გრიშიკიანი გამოჩნდნენ.
"ტორპედოს" შემადგენლობა კი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ჰამზიჩი, თოდუა, ქაფიანიძე, მირცხულავა, ტუჩიბაევი, ნადარაია, მამასახლისი, ბოუკასი, რეკიში, სალაკუ, ზიდანი. თამაშის მსვლელობისას მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ: შოვნაძე, აბზიანიძე, ჩაკვეტაძე, ბოჭორიშვილი, რადჩჩენკო, ნებიერიძე, აბულაძე, კამარა, ძარია, გოგუაძე, კვერნაძე, შარვაშიძე...
|
გამოყენებულია ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ოფიციალური facebook-გვერდის ფოტომასალა |
|