16.02.2021
”ზესტაფონი” მზადებას განაგრძობს
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდი საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის 2021 წლის გათამაშების აპრილის დასაწყისში დაგეგმილი სტარტისთვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს. ბოლო დღეებში გუნდს კიდევ რამდენიმე ახალწვეული შეუერთდა...
როგორც მოგახსენეთ, 2021 წლის ჩემპიონატი ზესტაფონელთათვის აპრილის პირველ რიცხვებში დაიწყება, სეზონს კი ჩვენი გუნდი დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში ჩართვით დაიწყებს. სათასო ბატალიების პირველი რაუნდის მატჩები 22 და 23 მარტს გაიმართება...
მზადების პირველი, ოთხკვირიანი ეტაპის პირველი ნახევარი ძირითადად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე მუშაობას დაეთმო. ამ ეტაპის მეორე ნახევრიდან კი დაგეგმილია ტექნიკურ-ტაქტიკური მოქმედებების სრულყოფაზე მუშაობა. როგორც უკვე ვწერდით, იგეგმება რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის გამართვა...
სიახლეა ზემოიმერული გუნდის სამწვრთნელო შტაბში - ამიერიდან "ზესტაფონის" მეკარეთა მწვრთნელის პოზიციაზე ახალგაზრდა სპეციალისტი გიგა ნიქაბაძე იმუშავებს... მორიგი მატებაა მარგველთა გუნდის რიგებშიც - ამ ბოლო დღეებში "ზესტაფონს" 2 ნახევარმცველი (23 წლის ნიკა ბაღიშვილი და 29 წლის შალვა ცქიფურიშვილი) შეუერთდა.
ამასთან, გუნდთან ერთად 20 წლის მცველი გიორგი ხუჯაძე (გიორგი "ზესტაფონის" ღირსებას ჭაბუკთა ტურნირებსა და რეგიონლიგის გათამაშებაში 3,5 წლის მანძილზე იცავდა, შარშანდელი სეზონი კი თბილისის "ვიტ-ჯორჯიას" მეორე გუნდში გაატარა) და ჩვენი კლუბის თბილისის ზღვის აკადემიის წარმომადგენელი 4 ახალგაზრდა ფეხბურთელი (ვახტანგ აბაკელია, ნიკა მამაცაშვილი, ბექა პირველი და გიორგი გრიშიკიანი) ვარჯიშობენ.
შაბათს, 20 თებერვალს "ზესტაფონი" მორიგ, რიგით მეორე საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს - ზესტაფონელები ქუთაისს ესტუმრებიან და რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივ "ტორპედოს" დაუპირისპირდებიან. მხარეთა შეთანხმებით, მატჩი 14:00 საათზე დაიწყება...
|