01.02.2021
”ზესტაფონი” ახალი სეზონისათვის მზადებას შეუდგა
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას შეუდგა. ზემოიმერული გუნდი 1 თებერვალს მშობლიურ ქალაქში შეიკრიბა - ზამთრის არდადეგების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში ზესტაფონის საფეხბურთო ბაზის ერთ-ერთ მინდორზე გაიმართა.
როგორც იცით, 2021 წლის საფეხბურთო სეზონში ჩვენი კლუბის პირველი გუნდი ისევ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს გათამაშებაში ჩაერთვება. მოახლოვებული ტურნირის ფორმატთან და დებულებასთან დაკავშირებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი...
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან ჯოხაძემ თავის გუნდი უკვე შეკრიბა და ახალი სეზონისათვის მზადების პროცესი თადარიგიანად დაიწყო. მოსამზადებელი შეკრების გავლას მარგველთა დამრიგებელი სწორედ ზესტაფონში, ჩვენი კლუბის სპორტული კომპლექსის მინდვრებზე გეგმავს...
რაც შეეხება პირველ ვარჯიშს, მასში მონაწილეობა 16 ფეხბურთელმა მიიღო. კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გუნდს უახლოეს დღეებშიც შეუერთდება. უნდა ითქვას, რომ ახალ სეზონში ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი "ზესტაფონის" შემადგენლობაში არაერთ ახალწვეულს იხილავს. დეტალურად კი სიახლეების შესახებ ჩვენი გვერდი მომდევნო პუბლიკაციაში მოგითხრობთ...
|