Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.12.2020

 

 

 

 

 

 

 

 

მძიმე წლისა და სეზონის პოზიტიური დასასრული

 

 

 

 

 

2020 წლის 18 დეკემბერს "ზესტაფონმა" წლევანდელი საფეხბურთო სეზონის ბოლო შეხვედრა გამართა - სენაკის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ ეროვნული ლიგა-4-ის "თეთრი" ჯგუფის დასკვნითი, რიგით მეთოთხმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "ეგრისს" დაუპირისპირდნენ.

 

მეტოქეები დღევანდელ შეხვედრამდე ისეთი სატურნირო მოცემულობით მივიდნენ, რომ სენაკელთათვის შანსს ეროვნულ ლიგა-4-ში ადგილის შესანარჩუნებლად მხოლოდ ასტრონომიული ანგარიშით (8-0, 10-1 და ა.შ.) ოპონენტთა დამარცხება იძლეოდა. რა გასაკვირია, რომ მოვლენათა მსგავსი განვითარება იმერელთა გეგმებში სულაც არ შედიოდა...

 

რაც შეეხება სტუმართა გუნდს, სამეგრელოს ის სერიოზული დანაკლისით ეწვია - კორონავირუსული ინფექციით გამოწვეულ საკადრო პრობლემებს ბოლო მომენტში ლაშა ნანობაშვილის, ბაჩო ბერაძისა და ავთანდილ სირაძის ტრავმები დაემატა. შესაბამისად, სენაკის ცენტრალური სტადიონის მინდორზე მარგველები საკმაოდ სახეცვლილი შემადგენლობით გავიდნენ...

 

ამის მიუხედავად, მატჩის სადებიუტო ნაწილი სწორედ ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა და უკვე მე-13 წუთზე, მასპინძელთა საჯარიმოში ნიკა ხარაიშვილის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად ზემოიმერელთა უბერებელმა ვეტერანმა ჯაბა დვალმა მშვიდად აქცია...

 

შესვენებამდე სტუმრებს ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდა რამდენიმე ეპიზოდში მართებდათ, თუმცა პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა. თამაშის განახლებისთანავე კი სენაკელებმა ანგარიშში თანაფარდობის აღდგენა შეძლეს - 49-ე წუთზე იმერელთა დაცვის ხაზის არადამაჯერებელი თამაშით კარგად ისარგებლა მათე ქომეთიანმა და ბურთი ბაჩო მიქავას კარის ბადეში გადაგზავნა...

 

"სტატუს-ქვოს" აღსადგენად და ანგარიშში კიდევ ერთხელ დასაწინაურებლად "ზესტაფონს" ზუსტად 10 წუთი დასჭირდა - 59-ე წუთზე ჯაბა დვალმა ზუსტი გადაცემით მეტოქის გოლკიპერთან პირისპირ დატოვა კობა გოგობერიშვილი და ამ უკანასკნელმა საქმე ეფექტურად და შედეგიანად დააგვირგვინა...

 

ამის შემდეგ სათამაშო უპირატესობას სრულად სტუმართა გუნდი დაეუფლა. ჯაბა დვალისა და კობა გოგობერიშვილის დარტყმების შემდეგ სენაკელთა კარი ძელმა იხსნა. საბოლოოდ, ზესტაფონელთა აქტიურობამ შედეგი მაინც მოიტანა - მატჩის 80-ე წუთზე ძალიან ეფექტურად ითამაშა ჯაბა დვალმა, რომელმაც მასპინძელთა საჯარიმოში ბოლომდე იბრძოლა, ამ ბრძოლაში ბურთს დაეუფლა, დღევანდელ შეხვედრაში "ეგრისის" კარის ბადე მესამედ შეარხია და მიმდინარე სეზონში გატანილი 6 გოლით გუნდის საუკეთესო გოლეადორის "ტიტულიც" დაისაკუთრა...

 

დარჩენილ დროში სენაკელმა მათე ქომეთიანმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე კი შეამცირა (81-ე წუთი), თუმცა ამას ზესტაფონელთათვის მორიგი გამარჯვების მოპოვებაში ხელი აღარ შეუშლია - 3-2. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეტოქის მოედანზე 2020 წელს გამართულ შეხვედრებში პირველი გამარჯვება მარგველებმა სწორედ სენაკში იზეიმეს...

 

საბოლოოდ, ეროვნული ლიგა-4-ის "თეთრი" ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრების დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგა-3-ში მომავალ სეზონში თბილისის "ვარკეთილი" იასპარეზებს, ხოლო ვანის "სულორი" და სენაკის "ეგრისი" ისევ რეგიონლიგას დაუბრუნდებიან...

 

რაც შეეხება ზესტაფონელებს, რომლებიც ლიგა-4-ს წლევანდელ გათამაშებაში ტურნირის ფორმატის შეცვლის შედეგად მოხვდნენ და აქედან გამომდინარე, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხრიდან, ტურნირის მონაწილე გუნდების უმრავლესობასთან შედარებით, საგრძნობლად ნაკლებ ფინანსურ დახმარებას იღებდნენ, 2021 წლის საფეხბურთო სეზონში ლიგის სრულუფლებიან მონაწილედ, მათ შორის ფონდის მხრიდან დაფინანსების თვალსაზრისითაც, ჩაითვლებიან...

 

18.12.2020. ”ეგრისი” (სენაკი) - ”ზესტაფონი” 2-3
საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის "თეთრი ჯგუფი". საბოლოო ცხრილი
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020