12.12.2020
სეზონის ბოლო საშინაო მატჩი
მიმდინარე წლის 12 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა-4-ის "თეთრი" ჯგუფის ბოლოსწინა, მეცამეტე ტურის შეხვედრები - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” თბილისის "ვარკეთილს" უმასპინძლა.
ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი მასპინძლებისა და ეროვნულ ლიგა-3-ში დასაწინაურებლად ბრძოლაში ჩართული სტუმრებისათვის სატურნირო თვალსაზრისით დღევანდელ დაპირისპირებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. თუკი, იმერლებს გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში საკუთარი პოზიციის უსაფრთხოების საბოლოოდ უზრუნველყოფა შეეძლოთ, ვარკეთილელებს ზედა ეშელონში ბრძოლის გასაგრძელებლად ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ...
მატჩის სადებიუტო ნაწილი უფრო აქტიურად მასპინძლებმა ჩაატარეს. უკვე მე-4 წუთზე ლაშა ნანობაშვილისა და ჯაბა დვალის მონაწილეობით გათამაშებული სწრაფი შეტევის შედეგად სტუმართა გოლკიპერთან პირისპირ გავიდა იმერელთა მარჯვენა მცველი ავთო სირაძე, თუმცა მისი დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა.
ამ ეპიზოდიდან ორიოდე წუთში ზემოიმერელთა შეტევის მარცხენა ფლანგიდან სტუმართა საჯარიმოში შეიჭრა მარცხენა მცველი დავით ჩხიკვაძე და დასარტყმელ პოზიციაზე მყოფ ავთო სირაძეზე სახიფათო გადაცემა გააკკეთა. მშველელად ვარკეთილელებს ამ ეპიზოდში თბილისური გუნდის ერთ-ერთი ცენტრალური მცველი მოევლინა, რომელმაც ბურთი საჯარიმოს ფარგლებს გაიტანა...
კიდევ ერთ წუთში ვარკეთილელები ისევ გადარჩნენ - ჯაბა დვალმა კუთხური ჩააწოდა, სტუმართა გოლკიპერი ლევან ტყეშელაშვილი გამოსვლაზე თამაშისას შეცდა და თბილისური გუნდი გოლისაგან მათივე კარის ზედა ძელმა იხსნა. მალევე სტუმართა კარის დარაჯმა საკუთარი კარი ლაშა ნანობაშვილის უძლიერესი შორეული დარტყმის შემდეგ გადაარჩინა...
19-ე წუთზე კი მასპინძლებმა გოლი გაუშვეს - სტუმართა არცთუ დიდი ხიფათის შემცველი იერიშის მოგერიებისას, იმერელთა მცველებმა ბურთის უსაფრთხო ზონაში სწრაფად ამოტანის ნაცვლად, საკუთარ საჯარიმოში ერთმანეთისთვის გადაცემის გაკეთება გადაწყვიტეს, საბოლოოდ ბურთი დაიკარგა, მას სტუმრები დაეუფლნენ, მცველებმა თამაშის წესი დაარღვიეს და "ზესტაფონის" კარის მიმართულებით დაინიშნა 11-მეტრიანი, რომელიც გამოცდილმა მამუკა ტორონჯაძემ გოლად მშვიდად აქცია.
გოლის გაშვებიდან ორიოდე წუთში ანგარიშის გათანაბრების შანსი ისევ ჯაბა დვალს მიეცა - ზესტაფონელთა გამოცდილმა შემტევმა საჯარიმო დარტყმა ძალიან კარგად შეასრულა, თუმცა მეკარე ლევან ტყეშელაშვილმა კიდევ ერთი სეივით გამოიჩინა თავი. 32-ე წუთზე კი ანგარიში 0-2 გახდა - სტუმართა შეტევის მარცხენა ფლაგზე გაჭრილმა გიორგი ჯალაღონიამ ზუსტი საგოლე გადაცემით მოამარაგა მამუკა ტორონჯაძე და ამ უკანასკნელმა დუბლი მიითვალა.
შეხვედრის მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა და ზესტაფონელებმა მორიგი მარცხი, ამჯერად ანგარიშით 0-2 განიცადეს. მიმდინარე სეზონის დასკვნით და სატურნირო თვალსაზრისით გადამწყვეთ შეხვედრას "ზესტაფონი" 18 დეკემბერს გამართავს - საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის "თეთრი" ჯგუფის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრაში იმერლები სენაკს ესტუმრებიან და ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "ეგრისს" დაუპირისპირდებიან...
|
12.12.2020. ”ზესტაფონი” - ”ვარკეთილი” (თბილსი) 0-2 |
|
|