08.12.2020
ქვემოქართლელთა სტუმრობა იმერეთში
2020 წლის 8 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა-4-ის ტურნირის "თეთრი" ჯგუფის რიგით მეთორმეტე ტურის შეხვედრები - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ”ზესტაფონი” მარნეულის საფეხბურთო კლუბ "ალგეთს" დაუპირისპირდა...
მასპინძელი იმერლებისათვის, ვანელებთან ამ რამდენიმე დღის წინ გამართული საშინაო მატჩის მსგავსად, დღევანდელ შეხვედრასაც სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. თავის მხრივ, ეროვნულ ლიგა-4-ში დარჩენა სადღეისოდ არც "ალგეთს" აქვს განაღდებული, ამდენად რა გასაკვირია, რომ პირველივედან უკანასკნელ წუთამდე "დავით აბაშიძეზე" უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა.
მასპინძლები მეტს აქტიურობდნენ და პირველი ნახევრის განმავლობაში სტუმართა კართან რამდენიმე სახიფათო იერიშის განხორციელებაც მოახერხეს. ორ ეპიზოდში მარნეულელთა მხრიდან საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო ზესტაფონელები პენალტის დანიშვნას ელოდნენ, თუმცა მატჩის სამტრედიელმა არბიტრმა კოტე გიორგაძემ არც ერთ და არც მეორე ეპიზოდში თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა...
ანგარიში შეხვედრის პირველი ნახევრის მიწურულს, კერძოდ 43-ე წუთზე, მაინც გაიხსნა - ჯაბა დვალისა და ბაჩო ბერაძის მონაწილეობით განხორციელებული სწრაფი შეტევის შედეგად ბურთი მიუვიდა ზესტაფონელთა მარცხენა მცველს დავით ჩხიკვაძეს, რომელმაც მარნეულელი "ვიზავი" მოხდენილი მოძრაობით ჩამოიცილა და სტუმართა გოლკიპერს აუღებელი დაურტყა...
ანგარიშში დაწინაურებულმა იმერლებმა მეორე ტაიმი ოდნავ ნერვიულად დაიწყეს. მათ მოწინაამდეგეს ბურთი და ტერიტორია დაუთმეს და აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე გააკეთეს...
სტუმრები კი ხეირის ნახვას მასპინძელთა საჯარიმოში განხორციელებულ მაღალ ჩაწოდებებში ცდილობდნენ და 68-ე წუთზე მიზნის მიღწევასთან ძალიან ახლოს აღმოჩდნენ კიდეც - ხელით თამაშის გამო იმერელთა კარის მიმართულებით დაინიშნა 11-მეტრიანი, თუმცა გიორგი პირველის დარტყმულის მოგერიება მარგველთა გოლკიპერმა ბაჩო მიქავამ შეძლო.
დარჩენილ დროში, ორივე გუნდის მხრიდან განხორციელებული არაერთი მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და ზესტაფონელებმა მიმდინარე სეზონში მორიგი, რიგით მესამე გამარჯვება მოიპოვეს - ამჯერად 1-0.
|
08.12.2020. ”ზესტაფონი” - ”ალგეთი” (მარნეული) 1-0 |
|
სეზონის ბოლო საშინაო შეხვედრას "ზესტაფონი" 12 დეკემბერს გამართავს - საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის "თეთრი" ჯგუფის მეცამეტე ტურის შეხვედრაში იმერლები ეროვნულ ლიგა-3-ში დასაწინაურებლად მებრძოლ თბილისის საფეხბურთო კლუბ "ვარკეთილს" უმასპინძლებენ. დედაქალაქელებთან მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება...
|