04.12.2020
მარგველთა მნიშვნელოვანი გამარჯვება
მიმდინარე წლის 4 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა-4-ის ტურნირის "თეთრი" ჯგუფის მეათე ტურის გადადებული შეხვედრა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ვანის "სულორს" უმასპინძლა.
დღევანდელ დაპირისპირებას სატურნირო თვალსაზრისით ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. აქედან გამომდინარე არაა გასაკვირი, რომ "ზესტაფონმაც" და "სულორმაც" შეხვედრა ფრთხილად, ერთმანეთის დაზვერვით დაიწყეს და ორივე მეტოქის მიერ შეცდომის დაშვებას ელოდა...
საბოლოოდ, ასეთი შეცდომა პირველმა მასპინძელმა მხარემ დაუშვა - 22-ე წუთზე ვანელებმა ბურთი ზესტაფონელთა ნახევარზე გრძელი გადაცემით გადაიტანეს, ხიფათს თითქოს არც არაფერი მოასწავებდა, თუმცა ვანელთა შემტევმა ილია პავლიაშვილმა კარგად გამოიყენა ის, რომ მასპინძელთა გოლკიპერმა საკუთარი კარი წინადაუხედავად დატოვა და თავის გუნდი წინ გაიყვანა...
როგორც უკვე მოგახსენეთ, ზესტაფონელებს ქულები ჰაერივით სჭირდებოდათ და მათ მატჩის ბედის სათავისოდ შემოსატრიალებლად მთელი გუნდით გაიწიეს. 45-ე წუთზე "სულორის" საჯარიმოს სიახლოვეს დაინიშნა სახიფათო საჯარიმო დარტყმა, რომელიც ძალიან კარგად შეასრულა ჩვენი გუნდის სასახელო ვეტერანმა ჯაბა დვალმა და ანგარიშში წონასწორობა შესვენების წინ აღადგინა...
მეორე ტაიმი მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა, მოვლენები უმეტესად მოედნის ვანელთა ნახევარზე ვითარდებოდა, თუმცა ზესტაფონელები სახიფათო შეტევების რეალიზების საქმეში ბევრს სცოდავდნენ. საბოლოოდ, მასპინძლებს მშველელად ისევ ჯაბა დვალი მოევლინა - 79-ე წუთზე "სულორის" საჯარიმოში შექმნილ არეულობაში ყველაზე უკეთ სწორედ ზესტაფონური კლუბის ვეტერანი გაერკვა და ზუსტი დარტყმით საკუთარ გუნდს მიმდინარე სეზონში რიგით მეორე გამარჯვება მოუტანა - 2-1.
|
04.12.2020. ”ზესტაფონი” - ”სულორი” (ვანი) 2-1 |
|
მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 8 დეკემბერს გამართავს - საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის "თეთრი" ჯგუფის მეთორმეტე ტურის შეხვედრაში იმერლები მარნეულის საფეხბურთო კლუბ "ალგეთს" უმასპინძლებენ. ქვემოქართლელებთან მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება...
|