2020 წლის 1 დეკემბერს "ზესტაფონმა" საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა გამართა - საშა კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის სტადიონზე გამართულ ლიგა-4-ის "თეთრი" ჯგუფის მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში იმერლები ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "სქურს" დაუპირისპირდნენ.
სამეგრელოში გასამართი შეხვედრისათვის ზემოიმერელთა მზადების პროცესში სერიოზული კორექტივები შეიტანა მსოფლიოს მასშტაბით მძვინვარე ეპიდემიამ. "სქურთან" მატჩის წინა დღეებში კორონავირუსთან შებრძოლება ჩვენი გუნდისა და სამწვრთნელო შტაბის 10 წარმომადგენელს მოუწია. სწორედ ამ მიზეზის გამო იქნა გადადებული ვანის "სულორთან" 26 ნოემბერს ჩანიშნული შეხვედრა. რაც შეეხება წალენჯიხელებთან მატჩს, მისი გადადება აღარ მოხერხდა და იმერლებს მოედანზე გასვლა მოუწია...
ასეთ ვითარებაში გამართული მატჩის პერიპეტიებზე თხრობით თავს აღარ შეგაწყენთ. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ შეხვედრა საკმაოდ უღიმღამოდ წარიმართა. მატჩის ბედი კი დასკვნით 20 წუთში სტუმართა მიერ დაშვებულ 2 შეცდომას მოყვა - 71-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით ანგარიში ლადო მორგოშიამ გახსნა, ხოლო 86-ეზე პაატა ჭანტურიამ შეხვედრის საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა.
მორიგ მატჩს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლაში ჩართული "ზესტაფონი" 4 დეკემბერს გამართავს - მეათე ტურის გადადებულ შეხვედრაში მარგველები ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, ვანის საფეხბურთო კლუბ "სულორს" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება...