19.11.2020
გასვლითი მატჩი ჩემპიონატის ლიდერთან
2020 წლის 19 ნოემბერს "ზესტაფონმა" საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის მორიგი გასვლითი შეხვედრა გამართა - თბილისში მდებარე "სპაერის" სტადიონზე გამართულ ლიგა-4-ის "თეთრი" ჯგუფის მეცხრე ტურის შეხვედრაში იმერლები ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ "მერანის" მეორე გუნდს ესტუმრნენ.
ეროვნული ლიგა-4-ის "თეთრი" ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერ თბილისელებთან დღევანდელ შეხვედრას ზესტაფონელები სერიოზული საკადრო დანაკლისით შეეგებნენ - ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პრობლემის გამო გუნდს ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი დააკლდა...
ამის მიუხედავად, სტუმრებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და დებიუტშივე გოლის გატანაც მოახერხეს, თუმცა მატჩის არბიტრმა ავთანდილ სირაძის საგოლე შეხება თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. იმერლებმა მასპინძელთა შევიწროება კვლავაც განაგრძეს, თუმცა მე-11-ე წუთზე გოლი საკუთარ კარში მიიღეს - დაცვის ცენტრში დაშვებული მორიგი უხეში შეცდომის შემდეგ ანგარიში თბილისელმა დავით ნაჭყებიამ გახსნა.
კურიოზული გოლის საკუთარ კარში მიღების შემდეგ სათამაშო უპირატესობას უპირობოდ სტუმრები დაეუფლნენ. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში იმერლები მასპინძელთა კარს გეგმაზომიერად უტევდნენ - გოლის გატანასთან ახლოს ჯერ ნიკა ხარაიშვილი და ნოდარ გაჩეჩილაძე იყვნენ, თუმცა დარტყმებისას ორივეს სიზუსტემ უმტყუნა, ხოლო ავთანდილ სირაძის ახლო მანძილიდან უძლიერესად დარტყმული "მერანის" გოლკიპერმა შალვა ვიბლიანმა სასწაულებრივ მოიგერია...
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე სტუმართა რიგებში მოედანზე გამოცდილი ჯაბა დვალი გამოჩნდა. ამან იმერელთა შეტევებს კიდევ მეტი სიმწვავე შემატა, თუმცა სპორტული იღბალი დღეს ნამდვილად წყალობდა თბილისელთა ახალგაზრდულ კოლექტივს. რაც შეეხება შეტევის ფაზაში "მერანის" აქტიურობას, მარგველთა კარის მიმართულებით დღევანდელ შეხვედრაში მეორე დარტყმა მათ მხოლოდ 81-ე წუთზე განახორციელეს და, პირველის მსგავსად, ისიც საგოლე გამოდგა - მიზანს ცოტნე ჩიქოვანის შორეულმა დარტყმამ მიაღწია...
სტუმართა ისედაც ურთულესი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა იმ გარემოებამ, რომ მეორე გოლის გაშვების შემდეგ ისინი მოედანზე რიცხბრივ უმცირესობაში დარჩნენ - მატჩის არბიტრთან დავით ხარიტონაშვილთან კამათის გამო მოედნიდან მცველი ბექა ხუხუა იქნა გაძევებული...
ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ზესტაფონელებმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს და 90+1-ე წუთზე ჯაბა დვალმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. სტუმრები გადამწყვეტ შტურმზე გადავიდნენ და გოლის გატანასთნ ახლოს ჯერ ნოდარ გაჩეჩილაძე, შემდეგ კი შოთა ვარდოსანიძე იყვნენ... საბოლოოდ, მასპინძლები აქაც გადარჩნენ და მათთვის სასურველი ანგარიშის შენარჩუნებაც მოახერხეს - 2-1.
მორიგ შეხვედრას ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლაში ჩართული "ზესტაფონი" 26 ნოემბერს გამართავს - მეათე ტურის შეხვედრაში მარგველები ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, ვანის საფეხბურთო კლუბ "სულორს" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება...
|
19.11.2020. ”მერანი-2” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 2-1 |
|
|