| 05.11.2020                  მიმდინარე სეზონში ზესტაფონელთა პირველი გამარჯვება             მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა-4-ის ტურნირის "თეთრი" ჯგუფის პირველი წრის დასკვნითი, რიგით მეშვიდე ტურის შეხვედრები.   დავით აბაშიძის სახელობის  სტადიონზე  საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” სენაკის  "ეგრისს"   უმასპინძლა.   მატჩი    ზესტაფონელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მე-7   წუთზე  სტუმართა დაცვის ხაზის მიერ დაშვებული უხეში შეცდომის  შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა   ლაშა ოზბეთელაშვილმა სტუმართა კარი მშვიდად დალაშქრა. მე-12  წუთზე ანგარიში ორამდე გაიზარდა - ზესტაფონელთა სახიფათო იერიში   ლაშა  ნანობაშვილის  სენაკელთა საჯარიმოში შეჭრითა და მისივე ზუსტი დარტყმით დასრულდა...   პირველი ტაიმის ბოლომდე იმერლებმა კიდევ ორი გოლით მოახერხეს სტუმართა გუნდის დამწუხრება - 29-ე და 41-ე წუთებზე   ლაშა ოზბეთელაშვილმა კიდევ 2 გოლი შემატა საკუთარ საგოლე მონაგარს. პირველი ნახევრის ბოლო წუთზე კი "ეგრისი" მოედანზე 10 კაცით დარჩა - ნიკა ჯანიაშვილის წინააღმდეგ ძალიან უხეში თამაშის გამო მოედნიდან პაატა პერტაია იქნა გაძვებული.   მეორე ტაიმის დებიუტში გუნდებმა გატანილი გოლები გაცვალეს - ლაშა ნანობაშვილის მიერ 50-ე წუთზე გატანილ გოლს სტუმრებმა მე-60-ზე თენგო ფიფიას ლამაზი გასროლით უპასუხეს. სტუმართა მიერ ანგარიშის "დასველებას" მასპინძლებმა კიდევ ორი გოლით სწრაფადვე უპასუხეს - 61-ე წუთზე ლაშა ოზბეთელაშვილმა მორიგი გოლი გაიტანა და "პოკერის" ავტორობა გაიფორმა, ხოლო 64-ზე ეროვნულ ლიგა-4-ში გატანილი სადებიუტო გოლით თავი ნიკა ხარაიშვილმა გამოიჩინა.    უგოლოდ არც დღევანდელი შეხვედრის დასკვნით ნაწილს ჩაუვლია - 79-ე და 81-ე წუთებზე, ლაშა ნანობაშვილისა და კობა გოგობერიშვილს კარგი გადაცემების შემდეგ, გატანილი გოლებითა და შესრულებული "დუბლით" თავი ლაშა ოზბეთელაშვილის ნაცვლად მოედანზე შესულმა ბაჩო ბერაძემ გამოიჩინა. ზესტაფონელთა პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში დიდი ანგარიშით 9-1.    
            
              |  | 05.11.2020.  ”ზესტაფონი” - ”ეგრისი” (სენაკი) 9-1   |  
              | 
                   "ზესტაფონი": მიქავა, ჯანიაშვილი (ხარაიშვილი, 45), ხუხუა, მოსიძე, გაჩეჩილაძე,   ჩხიკვაძე, ზარნაძე (ვარდოსანიძე, 54), სამხარაძე, გოგობერიშვილი, ნანობაშვილი, ოზბეთელაშვილი (ბერაძე, 73). დაწვრილებით: |    მორიგ  შეხვედრას  "ზესტაფონი"  11   ნოემბერს  გამართავს - საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის      ლიგა-4-ის  "თეთრი" ჯგუფის მერვე ტურის შეხვედრაში იმერლები    ქედის საფეხბურთო კლუბ  "ბეთლემს" უმასპინძლებენ. აჭარლებთან მატჩი  დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე  გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება...   |