19.10.2020
სპარინგ-მატჩი თანაქალაქელებთან
საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ეროვნული ჩემპიონატის მორიგი შეხვედრებისათვის მზადებას განაგრძობს. 19 ოქტომბერს ჩვენმა გუნდმა მორიგი სპარინგ-მატჩი გამართა - "ზესტაფონმა" საკუთარ ბაზაზე რეგიონალური ლიგის წარმომადგენელ თანაქალაქელ საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს უმასპინძლა.
როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 19 ოქტომბერს იმერლებს სენაკელებთან ეროვნული ლიგა-4-ს მეშვიდე ტურის შეხვედრა უნდა გაემართათ, თუმცა ქვეყანაში სადღეისოდ შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ეროვნული ლიგა-3-ს, ეროვნული ლიგა-4-სა და რეგიონული ლიგის უახლოესი ტურების გარკვეული დროით გადადების შესახებ...
დღეს გასამართი ოფიციალური შეხვედრის გაუქმების პირობებში, გადაწყდა თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-თან ამხანაგური მატჩის გამართვა. შეხვედრა რანგით მაღალ ლიგაში მოასპარეზე "ზესტაფონის" უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით, ანგარიშით 6-2 დასრულდა. გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ლაშა ოზბეთელაშვილმა (2), ბაჩო ბერაძემ, გიორგი ხარშილაძემ, დავით ჩხიკვაძემ და კობა გოგობერიშვილმა გამოიჩინეს, ხოლო "მარგვეთი-2006"-ს გოლები თორნიკე დარსაველიძისა და ლაშა ბუბულაშვილის ანგარიშზეა...
თანაქალაქელებთან შეხვედრა "ზესტაფონმა" ასეთი შემადგენლობით დაიწყო: გიორგაძე, მოსიძე, ხუხუა, ვარდოსანიძე, ჩხიკვაძე, ჯანიაშვილი, სამხარაძე, ზარნაძე, ნანობაშვილი, გოგობერიშვილი, ოზბეთელაშვილი. მეორე ტაიმში მასპინძელთა რიგებში მოედანზე მიქავა, ბერაძე, ხარაიშვილი და ხარშილაძე გამოჩნდნენ...
ეროვნული ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გამართავს - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე იმერლები სენაკის "ეგრისს" უმასპინძლებენ...
|