13.10.2020
ამხანაგური მატჩი ახალგაზრდა წყალტუბოელებთან
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში სანაკრებო მატჩებთან დაკავშირებული მცირე პაუზაა გამოცხადებული. ეროვნულ ლიგა-4-ში მოასპარეზე ”ზესტაფონმა” ისარგებლა ამ პაუზით და ამხანაგური შეხვედრა გამართა - 13 ოქტომბერს მარგველები წყალტუბოს "სამგურალის" მეორე გუნდს ამხანაგურად დაუპირისპირდნენ.
წყალტუბოელებთან შეხვედრა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ზესტაფონელებმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა თავიდანვე ხელთ იგდეს, თუმცა პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ მოახერხეს სტუმართა კარის აღება - ლაშა ოზბეთელაშვილის სტუმართა საჯარიმოში წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად ნოდარ გაჩეჩილაძემ აქცია.
მეორე ნახევარში "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბმა მრავალ ცვლილებასა და გადაადგილებას მიმართა. საფინალო სასტვენამდე ზემოიმერლებმა კიდევ ორჯერ (ლაშა ოზბეთელაშვილი და ნიკა ჯანიაშვილი) მოახერხეს სტუმართა ძალიან სიმპატიური გუნდის (მწვრთნელი - ზვიად ქუთათელაძე ) კარის ბადის შერხევა და საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 3-0 მოიგეს.
"ზესტაფონის" სასტარტო თერთმეტეული ასე გამოიყურებოდა: მიქავა, მოსიძე, ხუხუა, გაჩეჩილაძე, ჩხიკვაძე, სირაძე, სამხარაძე, ზარნაძე, ნანობაშვილი, გოგობერიშვილი, ოზბეთელაშვილი. თამაშის მიმდინარეობისას მასპინძელთა რიგებში მოედანზე გიორგაძე, ვარდოსანიძე, ჯანიაშვილი, ხარაიშვილი და ხარშილაძე გამოჩნდნენ...
ჩემპიონატის პირველი წრის დასკვნით შეხვედრას "ზესტაფონი" 19 ოქტომბერს გამართავს - ეროვნული ლიგა-4-ის მეშვიდე ტურის შეხვედრაში იმერლები სენაკის საფეხბურთო კლუბ "ეგრისს" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ...
|