04.10.2020
ფრე ჭაბუკთა ტურნირის "ა" ჯგუფის ლიდერთა შეხვედრაში
2020 წლის 3 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის" ლიგის მორიგი მატჩი გამართა. ზესტაფონში მდებარე კლუბის ბაზაზე ზემოიმერლებმა ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ოდიშის" წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
ჩემპიონატის დაწყებიდან გამართული ოთხ-ოთხი შეხვედრის შემდეგ მეგრული და იმერული გუნდები სატურნირო ცხრილის სათავეში აღმოჩნდნენ - თუკი ზუგდიდელებმა ოთხივე სასტარტო შეხვედრა მოიგეს, ზესტაფონელებმა პირველ შეხვედრაში ნათამაშები ფრის შემდეგ ზედიზედ 3 მატჩის მოგება მოეხერხეს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე არ უნდა იყოს გასაკვირი ის, რომ ლიდერთა დღევანდელი "დუელი" ძალიან დაძაბულად, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. პირველ ტაიმში თუ უკეთ მასპინძლები გამოიყურებოდნენ, მეორეში სტუმრებმაც მოუმატეს და მასპინძელთა კართან რამდენიმე კარგი იერიშის განხორციელებაც მოახერხეს. გამარჯვების მოპოვება ორივე გუნდის ფეხბურთელებს შეეძლო, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა უგოლოდ 0-0 დასრულდა.
შესაბამისად, ზესტაფონელები "ვერცხლის" ლიგის "ა" ჯგუფის ერთწრიანი ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მეორე პოზიციაზე იმყოფებიან, ძალიან ახლოს არიან სამეულში მოხვედრასთან და გათამაშების მეორე ეტაპზე თხუთმეტწლამდელთა ასაკობრივი ლიგის "ვერცხლის" ჯგუფის საგზურის მოპოვებასთან.
როგორც უკვე ვწერდით, "ვერცხლის" ლიგის "ა", "ბ" და "გ" ჯგუფებში I-III ადგილებზე გასული გუნდები და მათთან ერთად საუკეთესო შედეგის მქონე მე-4 ადგილოსანი შეადგენენ ათგუნდიან "ვერცხლის" ჯგუფს, სადაც თამაშები გაიმართება ასევე ერთ წრედ. სადღეისოდ უკვე ცნობილია, რომ ამ ტურნირის საგზურები გორის "დილას", თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის, "მერანისა", "ვიტ-ჯორჯია-2", "გლდანის" და "რუსთავის" გუნდებს აქვთ მოპოვებული.
თავის მხრივ, თხუთმეტწლამდელთა ლიგის "ვერცხლის" ჯგუფში I-III ადგილებზე გასული გუნდები 2021 წელს რანგით ყველაზე მაღალ, "ოქროს" 10-გუნდიან ლიგის საგზურებს მოიპოვებენ...
|
03.10.2020. U-15. ”ზესტაფონი” - ”ოდიში-1919” 0-0 |
"ზესტაფონი" (U-15): სარალიძე, ქურცაძე, გუნიავა, ვ. კაპანაძე, ტ. ცხადაძე, აბრამიშვილი, ს. კვანტიძე, ფუტკარაძე, ჭელიძე, ღარიშვილი (ჭულუხაძე, 49), მაღლაკელიძე.
|
|