Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

30.09.2020

 

 

 

 

 

 

 

 

მოუგებელი სერია ვარკეთილში გაგრძელდა

 

 

 

 

 

2020 წლის 30 სექტემბერს "ზესტაფონმა" საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის მორიგი გასვლითი შეხვედრა გამართა - თბილისში მდებარე "ვარკეთილის" სტადიონზე გამართულ ლიგა-4-ის "თეთრი" ჯგუფის მეექვსე ტურის შეხვედრაში იმერლები ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს ესტუმრნენ.

 

შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა დიდი უპირატესობით წარიმართა. ტაიმის მიმდინარეობისას ზესტაფონელებმა სამი საგოლე მომენტი შექმნეს თბილისელთა კართან, თუმცა მათი გოლად ქცევა ვერაფრით მოახერხეს - თავიდან გოგობერიშვილი-ოზბეთელაშვილის შეტევისას აშკარა გოლისაგან საკუთარი კარი ვარკეთილელმა მცველებმა იხსნეს, მერე კობა გოგობერიშვილის დარტყმის შემდეგ მასპინძლები ხარიხამ გადაარჩინა, შემდეგ კი ნიკა ხარაიშვილის თავით დარტყმული კარის ხაზიდან მასპინძელთა ცენტრალურმა მცველმა გამოიტანა...

 

პირველი ტაიმის დასრულებამდე სამართლიანობამ მაინც იზეიმა და 45-ე წუთზე იმერლებმა ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხეს - მასპინძელთა მხრიდან საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად სტუმართა გუნდის კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ აქცია (აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ზესტაფონელმა ამის გაკეთება მხოლოდ მეორე მცდელობით მოახერხა).

 

მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიში გათანაბრდა - 57-ე წუთზე მიზანს ვარკეთილელთა შემტევის მამუკა რამიშვილის ზუსტმა დარტყმამ მიაღწია. ამის შემდეგ თამაში გაიხსნა და გუნდებმა ერთმანეთის კართან სახიფათო მომენტები გაცვალეს - ჯერ საიმედო თამაშით თავი იმერელთა გოლკიპერმა ბაჩო მიქავამ გამოიჩინა, შემდეგ კი ვარკეთილელმა ლევან ტყეშელაშვილმა მასთან პირისპირ გასულ ლაშა ოზბეთელაშვილს აუღო...

 

საბოლოოდ, მატჩის ბედი არბიტრ დავით ხარიტონაშვილის მიერ ძირითადი დროისთვის კომპენსირებულ წუთებზე გადაწყდა. მიმდინარეობდა 90+1-ე წუთი, როდესაც ზესტაფონელმა კობა გოგობერიშვილმა მოედნის ცენტრში ბურთი მასპინძელთა ბოლო მცველს მოპარა და თბილისელთა გოლკიპერთან პირისპირ გავიდა, თუმცა ფორვარდისა და მეკარის დუელი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. საპასუხო შეტევაში კი ვარკეთილელმა აკაკი შამათავამ გამარჯვება თავის გუნდს მოუტანა - 2-1.

 

ჩემპიონატის პირველი წრის დასკვნით შეხვედრას "ზესტაფონი" 19 ოქტომბერს გამართავს - ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის მეშვიდე ტურის შეხვედრაში იმერლები სენაკის საფეხბურთო კლუბ "ეგრისს" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ...

 

30.09.2020. ”ვარკეთილი” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 2-1
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020