18.09.2020
ზესტაფონელთა მესამე ფრე
მიმდინარე წლის 18 სექტემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის მეოთხე ტურის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ზემოთნახსენები ტურნირის "თეთრ" ჯგუფში ასპარეზობს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე წალენჯიხის "სქურს" უმასპინძლა.
მატჩი ზესტაფონელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მე-10 წუთზე გიორგი ჭანკოტაძის კარგი გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ჯაბა დვალმა სტუმართა კარი მშვიდად აიღო. მასპინძელთა სიხარული ხანგრძლივი არ გამოდგა - მე-13 იმერელთა საკარიმოს სიახლოვეს დაინიშნა სახიფათო სტანდარტი, რომელიც გოლად გიორგი შელიამ აქცია....
42-ე წუთზე წინ უკვე სტუმრები გავიდნენ - მასპინძელთა საჯარიმოს მისადგომებიდან პაატა ჭანტურიას დარტყმული უცნაური ტრაექტორიით მეკარე ბაჩო მიქავას ზურგსუკან ბადეში ჩაეშვა. ამჯერად ზესტაფონელებმა მოახერხეს მალევე გათანაბრება - პირველი ტაიმისთვის დამატებულ მესამე წუთზე, შეტევის მარცხენა ფლანგიდან გიორგი ხარშილაძის ჩაწოდებულს კობა გოგობერიშვილი ზუსტი თავურით გამოეხმაურა...
მეორე ტაიმში მასპინძლები ბევრს ეცადნენ, წალენჯიხელთა კართან საგოლე მომენტებიც მრავლად შექმნეს, თუმცა მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა - 2-2. მიმდინარე ჩემპიონატში ზესტაფონელებმა უკვე მესამედ ითამაშეს ფრედ, რითაც სერიოზულად გაიუარესეს სატურნირო მდგომარეობა...
|
18.09.2020. ”ზესტაფონი” - ”სქური” (წალენჯიხა) 2-2 |
"ზესტაფონი": მიქავა, სირაძე, ხუხუა, გაჩეჩილაძე, ჩხიკვაძე, ჭანკოტაძე (ვარდოსანიძე, 80), ნანობაშვილი, გოგობერიშვილი, ხარშილაძე, დვალი, ოზბეთელაშვილი (ბერაძე, 65).
დაწვრილებით:
|
მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 24 სექტემბერს გამართავს - საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის "თეთრი" ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრაში იმერლები მარნეულის საფეხბურთო კლუბ "ალგეთს" ესტუმრებიან. ქვემოქართლელებთან მატჩი თბილისში, ოლიმპიური კომპლექსის მოედანზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება...
|